ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” რეგიონებში მაჟორიტარების ბიუროების “დაბოქლომების” აქციას ატარებს

22 ნოემბერი, 2019 • 909
“ევროპული საქართველო” რეგიონებში მაჟორიტარების ბიუროების “დაბოქლომების” აქციას ატარებს

პარტია “ევროპული საქართველოს” წევრები დილიდან ცდილობენ, ბოქლომები სიმბოლურად დაამაგრონ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს საქართველოს რეგიონებში. “დაბოქლომების” აქცია სხვადასხვა ქალაქში თითქმის ერთდროულად დაიწყო.

როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ აქციის ჩატარებაში ხელს უშლიან როგორც პოლიციელები, ისე დაცვის სამსახურის თანამშრომლები და ხელისუფლების მხარდასაჭერად მობილიზებული ადამიანები.

როგორც პარტიის ოფიციალურ ფეისბუკვერდზეა აღნიშნული, “დაბოქლომების” აქცია დილიდან მიმდინარეობს ოზურგეთში, ახალციხეში, ხაშურში, რუსთავში, თელავში, წალენჯიხაში, ცხოროწყუში, ლაგოდეხში, თბილისის სხვადასხვა უბანში და ა.შ.  გარდა ჯაჭვიანი ბოქლომების დადებისა, “ევროპული საქართველოს” წევრები მაჟორიტართა ბიუროებს აკრავენ სტიკერებს, წარწერით “დალუქულია”.

პარტიის წარმომადგენლების თქმით, ეს არის სიმბოლური აქცია, რომლის მიზანიც არის იმის ჩვენება, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ქვეუყანაში ერთპიროვნულ მმართველობას, რაც პროპორციულ არჩევნებს უნდა დაესრულებინა.

ამ აქციის მიზეზი გახდა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატების მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება. აღნიშნული კანონპროექტით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, თუმცა დეპუტატების ნაწილმა ბოლო ეტაპზე პირობის შესრულება გადაიფიქრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი