ახალი ამბები

სასამართლო კონსტიტუციის არარსებულ მუხლს ციტირებს

21 ნოემბერი, 2019 • 2189
სასამართლო კონსტიტუციის არარსებულ მუხლს ციტირებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 18 ნოემბერს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს ეხებოდა, კონსტიტუციის ისეთი მუხლის ნომერი მიუთითა, რომელიც არ არსებობს.

“საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით”, – ნათქვამი იყო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეცდომა კონსტიტუციონალისტმა გიორგი მშვენიერაძემ შეამჩნია, რომელმაც დაწერა:

“ამათ ვინმემ აუხსენით, რომ დეკემბერში 1 წელი შესრულდება, რაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია მოქმედებს და 84-ე მუხლი საერთოდ აღარ აქვს. რა საცოდავ დღეში არიან”, – დაწერა ფეისბუკზე მშვენიერაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რომელიც ცოტა ხნის წინ განხორციელდა, მოსამართლის საკითხს კონსტიტუციაში 63-ე მუხლი არეგულირებს, რომლის პირველი ნაწილიც ამბობს:

“მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას”.

მას შემდეგ, რაც მშვენიერაძემ ფეისბუკზე დაწერა, სასამართლოს ვებგვერდზე შეცდომა გასწორდა, ტექსტიდან მუხლის ნომერი საერთოდ ამოიღეს.

ამავე თემაზე

რატომ დაეწერა 37-ვე დემონსტრანტის საქმე ერთ მოსამართლეს – სასამართლოს განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი