ახალი ამბები

რატომ დაეწერა 37-ვე დემონსტრანტის საქმე ერთ მოსამართლეს – სასამართლოს განმარტება

21 ნოემბერი, 2019 • 1778
რატომ დაეწერა 37-ვე დემონსტრანტის საქმე ერთ მოსამართლეს – სასამართლოს განმარტება

18 ნოემბერს პარლამენტთან დემონსტრანტების დაშლისას და იმავე საღამოს დემონსტრაციაზე დაკავებული 37 ადამიანის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველად ერთსა და იმავე მოსამართლეს, ვალერიანე (ვალერი) ფილიშვილს დაეწერა. საქმეების განხილვა გაჭიანურდა.

ორდღიანი განხილვების შემდეგ ფილიშვილმა მხოლოდ 12 დაკავებულის საქმე განიხილა და მათგან 10-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს- 1000-ლარიანი ჯარიმა, ერთი კი სიტყვიერად გააფრთხილა. დანარჩენი საქმეები გადაიდო, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ხნით.

თბილისის საქალაქო სასამართლო 21 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ განსახილველი საქმეები ელექტრონული სისტემით ნაწილდება, საქმეები მორიგე მოსამართლეებს ეწერებათ და „განაწილებულ საქმეთა რაოდენობა მხედველობაში არ მიიღება“. კერძოდ, სასამართლო აღნიშნული საქმეების განაწილებასთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებაზე წერს:

„საერთო სასამართლოებში საქმეები ნაწილდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ შესაბამისად, მოსამართლეთა სპეციალიზაციის მიხედვით. ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს, კანონმდებლობით დადგენილი წესით დგინდება მორიგეობა და არასამუშაო და სამუშაო საათებში აღნიშნული საქმეები ნაწილდება მოსამართლეთა მორიგეობის მიხედვით“.

„მოცემულ შემთხვევაში განაწილებულ საქმეთა რაოდენობა მხედველობაში არ მიიღება. ამასთანავე, მიმდინარე თვის სტატისტიკური მონაცემებით, ყოველდღიურად მორიგე მოსამართლეზე საშუალოდ 51 სამართალდარღვევის საქმე ნაწილდება. შესაბამისად, 2019 წლის 19 ნოემბერს შემოსული ოქმები განაწილდა, აღნიშნული წესის თანახმად, მორიგე მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილზე“, — წერს სასამართლო.

21 ნოემბერსვე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, მთელ პროცესთან ერთად, აღნიშნული პრაქტიკაც გააკრიტიკა:

„მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი ათეულობით მოსამართლეა და ამგვარ საქმეთა განხილვა შემჭიდროებულ ვადებს მოითხოვს, 37 საქმის განხილვა ერთ მოსამართლეს, ვალერიანე ფილიშვილს დაევალა, ამან კი, სხვა გარემოებებთან ერთად, საქმეების არაგონივრული გაჭიანურება და დაკავებულთა უფლებების უხეში დარღვევა გამოიწვია“.

ნახეთ საიას სხვა შენიშვნები ამ პროცესზე, რომელიც, ორგანიზაციის თანახმად, მიკერძოებული და პოლიტიზირებული იყო:

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 6 პირი გაათავისუფლეს, პროცესი გადაიდო

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 6 პირი გაათავისუფლეს, პროცესი გადაიდო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი