ახალი ამბები

ბლოკირების შემთხვევაში, პოლიცია გააკეთებს იგივეს – გახარია აქციის დაშლაზე

19 ნოემბერი, 2019 • 1754
ბლოკირების შემთხვევაში, პოლიცია გააკეთებს იგივეს – გახარია აქციის დაშლაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პოლიციამ იმოქმედა კანონიერად და მას სრულად ჰქონდა უფლება, 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაეშალა.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, პოლიტიკოსები მოიქცნენ უპასუხისმგებლოდ, როდესაც მოქალაქეებს პარლამენტისა და ქუჩების ბლოკირებისკენ მოუწოდეს.

“ბლოკირების შემდეგ პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. პარლამენტი ნახევარი დღის განმავლობაში ვერ ფუნქციონირებდა. ფაქტობირვად, თავს დაესხნენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდა – სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების შეწყვეტის შესახებ. პოლიტკოსების შემდგომში მსგავსი უპასუხისმგებლო ქმედებების შემთხვევაში პოლიცია გააკეთებს იგივეს და იმოქმედებს კანონის ფარგლებში”, – თქვა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, “გარდა იმისა, რომ ქუჩებში აღამრთული ბარიკადები და ცეცხლი უქმნის დისკომფორტს მოქალაქეებს, არის მიუღებელი.”

“პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან, ან კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით, ეს არის და ეს”, – ამბობს გახარია.


სპეცდანიშნულების რაზმებმა 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაშალეს და საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებული შესასვლელები გაათავისუფლეს. ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა მართავს აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც ხელისუფლების გადადგომა და ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

საქართველოში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა დანაპირები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი