ახალი ამბები

პარლამენტთან ანტისახელისუფლებო აქცია მიმდინარეობს – დღე მესამე [ფოტოები]

16 ნოემბერი, 2019 • 1188
პარლამენტთან ანტისახელისუფლებო აქცია მიმდინარეობს – დღე მესამე [ფოტოები]

საქართველოს პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე, უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობა შედარებით მცირეა, თუმცა ორგანიზატორები ემზადებიან კვირას, 17 ნოემბერს, 15 საათზე დაგეგმილი აქციისთვის. მათი თქმით, ეს იქნება მთავარი, მასშტაბური აქცია, სადაც ხელისუფლებას თავიანთ ძალას რეალურად დაანახებენ.

თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, გარდა “პატრიოტთა ალიანსისა”, კვირას რუსთაველის გამზირზე იკრიბება. “პატრიოტთა ალიანსი” ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით მომხრეთა მობილიზებას რესპუბლიკის მოედანზე, მთავარი აქციიდან რამდენიმე ასეულ მეტრში გეგმავს. მათ უერთდება ულტრანაციონალისტური დაჯგუფება “ქართული მარშიც”.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს ოპოზიციას მოუწოდეს, რადიკალური ქმედებების ნაცვლად უფრო მეტი იფიქრონ და მოემზადონ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც, “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დაპირების მიუხედავად, ძველი, შერეული სისტემით ჩატარდება.

 


რა ხდება

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი