ახალი ამბები

“საზოგადოების გამარჯვება” – არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებები საკონსტიტუციო ცვლილებებზე

29 ივნისი, 2020 • 1742
“საზოგადოების გამარჯვება” – არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებები საკონსტიტუციო ცვლილებებზე

საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ მიღებას საზოგადოების გამარჯვებად აფასებენ. პარტიების ლიდერები აღნიშნავენ, რომ ახალი სისტემა გააუმჯობესებს პოლიტიკურ რეალობას ქვეყანაში.

პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ბრძოლის შედეგია, რომლის საკუთარ თავზე აღებასაც, მისი შეფასებით, არაერთი პოლიტიკური მოთამაშე შეეცდება.

“ამ გამარჯვების საკუთარ თავზე აღებას ბევრი შეეცდება, ისინი, ვინც შეთანხმება შეასრულა და ისინიც, ვინც შეთანხმება დაარღვია, მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები დიდხანს ვიდავებთ ამ წარმატების ავტორობაზე – თუმცა, სიმართლე ერთია – ამ ყველაფრის რეალური შემოქმედები ჩვენი შვილები არიან.

ეს გამარჯვება ახალ თაობას, საქართველოს მომავალს ეკუთვნის – მაკოს, გიორგის, გურამს, ირაკლის, თამარს და ათასობით ახალგაზრდას, ახალ ძალას და ახალ თაობას, რომელიც გულწრფელად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე იცავდა და იცავს თავის ქვეყანას, სამშობლოს, მომავალს”, – აცხადებს ის.

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება საზოგადოებას ტელეეთერიდან მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ახალი სისტემა, თავისი შინაარსით, უპრეცედენტოა პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის.

“ვულოცავ ყველას, ვინც უფრო ფართო მასშტაბით, ათეული წლები იბრძოდა იმისთვის, რომ თითქმის პროპორციული სისტემა გვქონოდა. რამდენიმე წელიწადში სრულად პროპორციულიც გვექნება. შეგახსენებთ, 80% მანდატებისა პროპორციულად ირჩევა, ასეთი რამ კი პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ეს მოსალოცია. მადლობა დასავლეთს, სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიას. ასევე, პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც იქცეოდა ნორმალურად”, – თქვა მან “მთავარ არხზე” სტუმრობისას.

“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ცვლილებების მიღებას ფეისბუქზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალი სისტემა საქართველოს შეცვლის:

“პროპორციულთან მიახლოებული წესის დამტკიცება არის ნამდვილად ისტორიული ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის! ასახსნელად რთულია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ამოასუნთქებს და სრულიად შეცვლის საქართველოს. მარტივად არ მივსულვართ, მძიმედ მოვედით აქამდე და მადლობა ყველა იმ თავგანწირულ ადამიან,ს ვინც ფეხს არ იცვლიდა რუსთაველიდან უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისას”.

“ფეისბუქზე” გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემაც. მისი განცხადებით, პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება  “უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში ვეღარავინ შეძლებს ხელისუფლების უზურპაციას”.

“დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია თითოეული იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც სულერთი არ არის, სად წავა მისი ხმა და მოხვდება მის მიერ შემოხაზული ბიულეტენით პარლამენტში. დღევანდელი 117 ხმა ეკუთვნის საზოგადოებას, ახალგაზრდებს, ოპოზიციას, დიპლომატებს და საერთაშორისო თანამეგობრობას.

მე და ჩემმა თანაპარტიელებმა, ერთიანი საქართველოს წევრებმა, ოპოზიციის სხვა წარმომაგდნელებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, ვიცოდით, რისთვის ვიბრძოდით. ეს არის შანსი ქვეყნისათვის. შანსი, რომ ნორმალური ქვეყანა გქვონდეს. ახლა ჩვენი ამოცანაა, მომავალში ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ვერავინ შეძლოს თქვენი ხმების გაყალბება და ხელისუფლების უზურპაცია. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ”, – აღნიშნა მან.

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 29 ივნისს, მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდება. კანონპრეოქტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ოქრუაშვილის საქმის გარემოებები მიუკერძოებლობაზე კითხვებს აღძრავს – ჰარცელი

ოქრუაშვილის საქმის გარემოებები მიუკერძოებლობაზე კითხვებს აღძრავს – ჰარცელი

მასალების გადაბეჭდვის წესი