ახალი ამბები

ცხინვალში დაკავებული ექიმის სოლიდარობის ნიშნად FB-ზე ფოტოს ჩარჩო გააკეთეს

16 ნოემბერი, 2019 • 1422
ცხინვალში დაკავებული ექიმის სოლიდარობის ნიშნად FB-ზე ფოტოს ჩარჩო გააკეთეს

მოქალაქეები ფეისბუკის პროფილის ფოტოზე, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის ნიშნად, სპეიცალურად შექმნილ ჩარჩოს აყენებენ წარწერით Freedom for doctor Vaja (თავისუფლება ვაჟა ექიმს).  საქართველოში ცნობილი ექიმი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაიტაცეს და ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ.

დღეს, 16 ნოემბერს, დაპატიმრებული ექიმის დაუყუნებლივი გათავისუფლებისკენ მოწოდება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ.

აშშ ასევე მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გაუქმება.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი