ახალი ამბები

სირიის ამბების შემდეგ, ნატომ ყურადღება საქართველოსკენ უნდა მიმართოს – არიელ კოენი

14 ნოემბერი, 2019 • 1949
სირიის ამბების შემდეგ, ნატომ ყურადღება საქართველოსკენ უნდა მიმართოს – არიელ კოენი

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი არიელ კოენი წერს, რომ ბოლო პერიოდში  სირიის  ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ნატომ და აშშ-მა ყურადღება უნდა მიმართონ შავი ზღვის რეგიონისკენ, კერძოდ კი, საქართველოსკენ.

არიელ კოენმა 13 ნოემბერს გამოცემა „ნიუსვიკში“ (Newsweek) გამოაქვეყნა მოსაზრება, სადაც წერს, რომ ბათუმის, ფოთისა და ანაკლიის [ჯერჯერობით აუშენებელი] პორტით, საქართველოს შეუძლია, ძირითადი როლი შეასრულოს შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის განვითარებაში. მის თანახმად, საქართველო არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მცირე ქვეყნებმა განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულონ გლობალური უსაფრთხოების საქმეში.

„დღეს შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონები მზარდი საფრთხის ქვეშაა: 2008 წლის რუსეთ-საქართველოსა და 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, მოსკოვი აშენებს შავი ზღვის ფლოტს, როგორც ძალის დემონსტრირების იარაღს ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ახლო აღმოსავლეთზე. რუსეთმა „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა საქართველოს ტერიტორიები — აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი — და შეიარაღებულ ბანაკებად გადააქცია, რითაც საკუთარ მეზობლებს ემუქრება. რუსი ჯარისკაცები რეგულარულად სწევენ საზღვარს ქართულ ტერიტორიაზე და აგრძელებენ აგრესიისა და ანექსიისა აქტიურ პოლიტიკას“, — წერს კოენი.

კოენის თანახმად, „ამ პოსტსაბჭოთა, მცირე დემოკრატიულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ საჭირო დროს აშშ-თან მეგობრობა სურს“. ამის დასტურად მოჰყავს ის გარემოება, რომ საქართველოს „ათასობით ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი ერაყსა და ავღანეთში საბრძოლველად აშშ-თან ერთად და განცდილი აქვს პროპორციულად უფრო მძიმე დანაკარგები, ვიდრე ნატოს სხვა მოკავშირეებს“. მის თანახმადვე, „ქართველები ოცნებობენ, ნატოსა და ევროკავშირს შეუერთდნენ“.

კოენი წერს: „აშშ-სა და ნატოს გაძლიერებული წარმომადგენლობა კავკასიასა და შავ ზღვაში, კავშირების გაძლიერება ნატოს პარტნიორ რუმინეთთან და ბულგარეთთან, ასევე, საქართველოსთან (რომელიც აშშ-ის ძლიერ მოკავშირეა კავკასიაში) და შავ ზღვაში ნატოს პერმანენტული ესკადრონის გაგზავნა გააძლიერებდა აშშ-ისა და მოკავშირეების უსაფრთხოებას. ასეთი ნაბიჯები გაუგზავნიდა ძლიერ სიგნლას მეგობრებსა თუ მტრებს, რომ აშშ სერიოზულად უყურებს ნატოს ფლანგებისა და ნატოს პარტნიორების, უპირველსეს ყოვლისა კი, საქართველოს დაცვას“.


რამდენიმე კვირის წინ ანალიტიკოსმა ლუკ კოფიმ, რომელიც ამერიკულ კონსერვატიული ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარია, ტვიტერზე დაახლოებით მსგავსი შინაარსის მოწოდება დაწერა:

„შემოთავაზება: აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება საქართველოში გაგზავნონ. ისინი გახდებიან „ჰორიზონტს გადაღმა“ ძალა, რომელსაც შეეძლება „ისლამურ სახელმწიფოს“ სწრაფად უპასუხოს, თუკი ის ხელახლა მოიკრებს ძალას.

აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც მხოლოდ 460 მილით (740 კმ-ით) არის დაშორებული რაქალ რაყას.

ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“.

ლუკ კოფი ავტორია წინადადებისა, საქართველო ნატოში მიიღონ ისე, რომ მე-5 მუხლი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე არ გავრცელდეს.

ნახეთ ასევე:

ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, თუ აშშ-ს ბაზის განთავსება მოუნდება, დაეთანხმოს

მასალების გადაბეჭდვის წესი