ახალი ამბები

UK ნატოს წევრია, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულები მე-5 მუხლით არ არის დაცული – კოფი

22 ოქტომბერი, 2019 •
UK ნატოს წევრია, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულები მე-5 მუხლით არ არის დაცული – კოფი

“ჰერიტიჯის ფონდის” მკვლევარი ლუკ კოფი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ხსნის ,თუ რას ნიშნავს საქართველოს ნატოში მიღება ისე, რომ მე-5 მუხლი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე არ გავრცელდეს.

ლუკ  კოფის თქმით, დღესაც ნატოში რამდენიმე ქვეყანაა ისეთი, რომელიც სრული ტერიტორიით არის ნატოს წევრი, მაგრამ მე-5 მუხლი მხოლოდ ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება.

“ბუქარესტის სამიტიდან 10 წლისთავზე ვიფიქრე, რომ დროა, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ახლი გზების მოძიება დაგვეწყო. ამისთვის გვჭირდებოდა ახალი იდეები, ძველი ნორმების შეცვლაზე დაფიქრება. ამ ახალი იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ალიანსმა წევრად საქართველო სრულად, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მიიწვიოს, რაშიც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც შედის. მაგრამ მეხუთე მუხლის უსაფრთხოების გარანტია გავრცელდეს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომლის ოკუპაციასაც რუსეთი არ ახდენს. ეს პრინციპი საქართველოსთვის ადვილად იმუშავებს იმის გამო, რომ ქვეყანას უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის პირობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომაც ვიფიქრე, რომ თუ საქართველოს უკვე აქვს გადაწყვეტილი და პირობა დადებული, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალას არ გამოიყენებს, მაშინ რად უნდა მეხუთე მუხლის უსაფრთხოების გარანტია ამ ტერიტორიებზე? თუ საქართველო ამ პრინციპით გაწევრიანდა ნატოში, მაშინ არა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის პირობა იქნება საქართველოს მხრიდან დაცული, არამედ ეს გაიმეორებს ალიანსის ზოგიერთი წევრის პრეცედენტსაც. ნატოში რამდენიმე ქვეყანაა ისეთი, რომელიც სრული ტერიტორიით არის ნატოს წევრი, მაგრამ მე-5 მუხლი მხოლოდ ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება. მათ შორისაა შეერთებული შტატები- მაგალითად, ჰავაის და გუაამს მეხუთე მუხლი არ იცავს. დიდი ბრიტანეთის ფოლკლენდის კუნძულები მეხუთე მუხლით არ არის დაცული”, – აცხადებს კოფი.

მისი თქმით, ეს მაგალითები ამ სიტუაციასთან უფრო რელევენატურია, ვიდრე არის გერმანიის შემთხვევა:

“ხშირად მესმის, ეგრეთ წოდებულ, „გერმანიის ვარიანტზე“ საუბარი. ცივი ომის დროს აღმოსავლეთ გერმანია ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის მიერ, დასავლეთი კი ნატოში მიიწვიეს. აღმოსავლეთ გერმანია ნატოს წევრი მხოლოდ გერმანიის გაერთიანების შემდეგ გახდა. მე ეს ანალოგია არ მომწონს იმის გამო, რომ გერმანიისა და საქართველოს სიტუაცია განსხვავებულია. თუ პრეცედენტების მონახვა გვინდა, ჩემ მიერ ჩამოთვლილი პრეცედენტები უფრო მიესადაგება სქართველოს, ანუ შემთხვევები, როცა ქვეყანა მთელი თავისი ტერიტორიითაა ნატოს წევრი და მეხუთე მუხლის გარანტიები მხოლოდ მის ერთ ნაწილზე ვრცელდება”, – აცხადებს კოფი.

ანალიტიკოსის თქმით, მას ესმის, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა. ის განცხადება, რომ ამ წინადადების თანახმად საქართველო დაკარგავს ტერიტორიულ მთლიანობას, აბსოლუტურად არასწორია.

“ნატომ საქართველოს არასოდეს უნდა სთხოვოს ტერიტორიებზე უარის თქმა. ნატო ამას არც ითხოვს. ერთ-ერთი, რამაც საქართველოში მიმიზიდა, მისი კულტურა, ხალხი, ტრადიციები, ისტორიაა. მოხიბლული ვარ ქვეყნით, რომელიც 2 ათას წელზე მეტია არსებობს. საქართველო კიდევ 2 ათასი და მეტი წელი გააგრძელებს არსებობას, ალბათ, იმაზე მეტხანს, ვიდრე ნატო. ანუ, თუ კითხვა ამგვარად არის დასმული, ნატოში გაწევრიანდე თუ ტერიტორიებზე თქვა უარი, ვიტყოდი, რომ ტერიტორიებზე არ თქვა უარი”, – აცხადებს კოფი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი