ახალი ამბები

ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, თუ აშშ-ს ბაზის განთავსება მოუნდება, დაეთანხმოს

25 ოქტომბერი, 2019 • 1316
ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, თუ აშშ-ს ბაზის განთავსება მოუნდება, დაეთანხმოს

“ევროპული საქართველო” ხელისუფლებას მოუწოდებს, თუ ამერიკული დანაყოფების საქართველოში განთავსების საკითხი ოფიციალურად წამოიწევა აშშ-ის მხრიდან, ეს საკითხი დადებითად გადაწყვიტოს.

ამის შესახებ კახიძემ ლუკ კოფის შემოთავაზების კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ თავადაც უნდა გaააქტიუროს ეს საკითხი ორმხრივ მოლაპარაკებებში.

ანალიტიკოსმა ლუკ კოფმა, რომელიც ამერიკულ კონსერვატიული ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარია, ტვიტერზე დაწერა საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსების შესაძლებლობის შესახებ.

“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გააქტიურება სამხედრო თვალსაზრისით და ამ პარტნიორობის გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენთვის მთავარი საფრთხე არის რუსეთი და ამის შემაკავებელია სწორედ ჩვენი სტრატეგიულო პარტნიორების და პირველ რიგში, აშშ-ის სამხედრო ფაქტორი. ამიტომ არის მისასალმებელი სამხედრო წვრთნები, რომელიც აქ ტარდება, ამერიკული გემები, რომლებიც ჩვენს პორტებს სტუმრობენ – ეს არის შეკავების პოლიტიკა. თუ ამის გაგრძელება იქნება ამერიკული სამხედრო დანაყოფების საქართველოში ყოფნა ჩვენთან შეთანხმების ფარგლებში, ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს. ამიტომ ამგვარი თემები თუ წამოიწა ოფიციალურად (ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას), ჩვენმა მთავრობამ აუცილებლად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და რაც შეიძლება გააღრმაოს აშშ-თან სამხედრო პარტნიორობა”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

დეპუტატს არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება გაბედულ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით.

“მათ პრეზიდენტად აარჩევინეს ქართულ საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობდა: რა უნდა ამერიკის წვრთნებს და დანაყოფებს საქართველოს ტერიტორიაზეო. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არ არის ერთგვაროვანი და ჩამოყალიბებული. ამიტომ მე მოვუწოდებ, თუ ამგვარი საკითხი დადგა ორმხრივ შეხვედრებზე ამერიკელი პარტნიორების მხრიდან (და ცხადია, თავად უნდა გაააქტიურონ ეს თემატიკა), აუცილებლად იფიქრონ უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერებაზე მათ შორის ამ თვალსაზრისით”, – დასძინა კახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი