ახალი ამბები

მაჟორიტარების კრიტიკული კითხვები მათ მიერვე ინიცირებულ საარჩევნო რეფორმაზე

12 ნოემბერი, 2019 • 2630
მაჟორიტარების კრიტიკული კითხვები მათ მიერვე ინიცირებულ საარჩევნო რეფორმაზე

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ეჭვქვეშ აყენებდნენ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობას, თავად არიან კანონპორექტის ინიციატორები, რომელიც ამ რეფორმას ითვალისწინებს.

ავტორები საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, ბლოკების გარეშე ტარდება პროპორციული წესით, ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი არიან. პარლამენტში ამ კანონპროექტის ინიციატორი “ოცნების” 93 დეპუტატია. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტში დღეს დაიწყო, მანამდე დეპუტატები ქვეყნის მასშტაბით სახალხო განხილვებს აწყობდნენ. დღეს რამდენიმე მაჟორიტარმა დეპუტატმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მათ შორის იყო მცხეთის მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც კენჭისყრამდე უმრავლესობის სხდომის ჩატარებას ითხოვდა:

მე არ ჩავეწერე კითხვებში პირველი, რათა მომესმინა ჩემი კოლეგების დამოკიდებულება, თუმცა ჩემთვის არ იყო უცხო და, ვფიქრობ, არც თქვენთვის. მე მინდოდა უმრავლესობის სხდომაზე საუბარი, რადგან ბატონო ირაკლი, მე თქვენ პატივს გცემთპატივს ვცემ თქვენს განათლებას, თქვენ შექმენით წიგნი კონსტიტუციური სამართალი. ძალიან საინტერესოა, ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი კითხვების საფუძველი კიდევ უფრო გამყარდა, როცა გავეცანი თქვენს ნაშრომს. უმრავლესობის სხდომაზე მე თქვენი წიგნით მინდოდა მესაუბრა თქვენთან, მე მჭირდება ძირითადად სამ ძირითად საკითხთან დაკავშირებით პასუხები, ერთი- რატომ ვართმევთ მოქალაქეებს უფლებას, რომ მათყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში?

მეორე საკითხი, ეს არის რისკები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს პროპორციული სისტემით არჩევნების შემდეგ მთავრობის ჩამოყალიბების და სტაბილურობის შენარჩუნების საკითხს. თქვენს წიგნში გიწერიათ, რომ ხშირად კოალიციური მთავრობის დროს არსებითი საკითხების მიღება რთულდება და ჭიანურდება, შეიძლება შეიქმნას სამთავრობო კოალიციები ისეთ პარტიებს შორის, რომელთა იდეოლოგიები და პროგრამები  რთულად თავსებადია ერთმანეთთან. ამგვარმა კოალიციურმა შეთანხმებამ შეიძლება გამოიწვიოს პროგრამულ- იდეოლოგირი აღრევა პოლიტიკურ სისტემაში. პროპორციული სისტემის პირობებში მცირე პარტიებმა არაპროპორციულად დიდი ძალაუფლება  შეიძლება მოიპოვონ

 კიდევ ერთი კითხვა, ჩვენი შეთანხმება, 2024 წელს გადასვლა პროპორციულ სისტემაზე, სწორი იყო, რომ პარალელურად მომხდარიყო ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება და შუამავალი რგოლი მაჟორიტარულის სახით აღარ დასჭირდებოდა მას მთავრობასთან ურთიერთობაში. თქვენ წახვედით კომპრომისზე, მე ვიცი. სწორი იყო თქვენი დამოკიდებულება, რამაც ჩემს კომპრომისულ გადაწყვეტილების მიღებაზე დადებითად იმუშავა, რომ თქვენ შეეცადეთ ყველაფერი დაგეთმოთ, რომ სტაბილურობა ქუჩაში, პოლიტიკურ ველზე და საზოგადოებაშიც დამკვიდრებულიყო, რამეთუ იყო კრიზისული სიტუაცია. არასამთავრობო სექტორმა, საზოგადოების მცირე ჯგუფმა შექმნა მოლოდინი, თითქოს საზოგადოება ითხოვს მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას, რა მიიღეთმიიღეთ ქუჩაში 3-თვიანი არეულობა და ამ ყველაფრით ქვეყანა დადგება ქაოსის წინაშე, ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი და ამით ხელი ეწყობა დესტრუქციულ ძალას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მან კანონპროექტის ავტორს, ირაკლი კობახიძეს მიანიშნა, რომ ამ ცვლილების ინიცირება მმართველმა გუნდმა 20 ივნისის განვითარებული მოვლენების გამო გადაწყვიტა. დიმიტრი ხუნდაძე პოლიტიკაში მოსვლამდე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ექიმი იყო. აღსანიშნავია, რომ ის ერთ-ერთია იმ დეპუტატთაგან, ვინც პარლამენტში “ოცნების” მიერ შეტანილი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორია.

კიდევ ერთი მაჟორიტარი, რომელმაც დღეს კრიტიკული კითხვებით ირაკლი კობახიძეს მიმართა, მერაბ ქვარაიაა. კითხვებს ისიც მის მიერვე ინიცირებულ საკითხთან დაკავშირებით სვამდა. ის დაინტერესდა: “ხომ არ იქმნება ამ სისტემით ერთგვარი ტროას ცხენი ნაციონალური მოძრაობისთვის?”

ნამდვილად არის კითხვები, რომლებსაც აქვს ლეგიტიმური საფუძვლები და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ეს ჩვენი დიალოგი. თქვენ დაიწყეთ თქვენი მოხსენებანაციონალური მოძრაობისშეფასებით და ამ კონტექსტში მინდა კითხვა დაგისვათ. კითხვა, რომელიც ჩვენ ამომრჩევლებს, „ქართული ოცნებისამომრჩევლებს, იმ ადამიანებს, ვინც, ბატონო ირაკლი, თქვენ და ჩვენ მხარი დაგვიჭირა ყველა არჩვენებზე, მათ აწუხებთ და მათ აქვთ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. კერძოდდღესნაციონალური მოძრაობაფლობს 27 მანდატს ბოლო არჩევნების შედეგებით და მაჟორიტარული არჩევნების შენარჩუნების პირობებში, სავარაუდოდ, ამის ნახევარსაც ვერ აიღებსნაციონალური მოძრაობა“. თუ სისტემა შეიცვლებაპროპორციული სისტემის პირობებში, მას უჩნდება შანსი შეინარჩუნოს მანდატების ეს რაოდენობა, რადგან პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხდება  ამომრჩეველთა პოლარიზება და არის დიდი შანსი, რომ რაოდენობა შეინარჩუნონ. შესაბამისად  ჩვენი ამომრჩეველი გვეკითხება, ხომ არ იქმნება ამ სისტემით ერთგვარი ტროას ცხენი ნაციონალური მოძრაობისთვის?”, – განაცხადა ქვარაიამ.

“თუ ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, ვინ არის პასუხისმგებელი, იქნება თუ არა გარანტირებული პოლიტიკური სტაბილურობა და  მოხდება თუ არა მთავრობის ფორმირება უპრობლემოდ?” – ეს შეკითხვა კიდევ ერთმა მაჟორიტარმა (სიღნაღი) ირაკლი შიოლაშვილმა დასვა. ისიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ერთ-ერთი ინიციატორია. ამასთან, შიოლაშვილი ამბობს, რომ თუ მასზე ცვლილების მხარდაჭერის კუთხით ზეწოლა განხორციელდება, მზადაა დეპუტატის მანდატიც კი დატოვოს.

“ჩვენ ვნახეთ უახლოეს წარსულში ევროპის განვითარებული სახელმწიფოები, რამდენი კრიზისი წამოვიდა, რამხელა პრობლემები აქვთ, მზად ვართ ჩვენ ამ ყველაფრისთვის?“, – განაცხადა შიოლაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც საუბარი იყო 2024 წელს სისტემის შეცვლაზე და  პროპორციულზე გადასვლაზე, მაშინ ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ ხელისუფლებას თვითმმართველობების გაძლიერებაზე უნდა ეზრუნა. მისივე განცხადებით, დღეის მდგომარეობით, თვითმმართველობები ცენტრალურ პროექტებს მაჟორიტარების გარეშე  პრაქტიკულად ვერ ახორციელებენ და სამინისტროებთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ძირითად კომუნიკაციის წყაროსაც სწორედ მაჟორიტარები წარმოადგენენ

 ფიქრობთ თუ არა, რომ ამ სისტემას აქვს თავისი ხარვეზები? ფიქრობთ თუ არა, რომ ამ დროისთვის ჩვენ მზად ვართ ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის? ფიქრობთ თუ არა, რომ დღეს თვითმმართელობა ისეა განვითარებული, რომ მაჟორიტარების გარეშე უპრობლემოდ გაგრძელდება ხალხის სამსახური და მომსახურება? ფიქრობთ თუ არა, რომ ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნება? თუ ასე ფიქრობთ, იქნებ ჩვენც არგუმენტირებულად გვიპასუხოთ, რომ ჩვენც ბოლომდე ვიყოთ დარწმუნებული იმ სიკეთეში, რაც შეიძლება პროპორციულმა სისტემამ მოუტანოს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ პროპორციულ სისტემას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ საარჩევნო სისტემას, აქვს თავისი პლუსები და რისკები. მან გაიზიარა მაჟორიტარების მიერ დასახელებული შესაძლო რისკების შესახებ მოსაზრებები, თუმცა განაცხადა, რომ მათი განეიტრალება შესაძლებელია.

“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის აბსოლუტური კლასიკა. ეს ხუთი რისკი, ხუთი ნაკლოვანება, რომელიც აქვს პროპორციულ სისტემას, არის ჩვეულებრივ კლასიკა. რაზეც საუბარია ნებისმიერ სახელმძღვანელოში. ეს რისკები, ბუნებრივია, რისკებად რჩება, თუმცა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, ეს რისკები გავანეიტრალოთ და ვიმოქმედოთ ისე, რომ თან გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე და თან საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. ერთია ნეგატიური მხარეები, მეორე -პოზიტიური მხარეები, ყველაფერზე ერთად უნდა ვიმსჯელოთ და ამის საფუძველზე მოგიწოდებთ, საბოლოო ჯამში,  პროექტის მხარდაჭერისკენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე კენჭისყრა ხვალ გაიმართება. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის აქტიური მოწინააღმდეგეა მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი, თუმცა ის შესაბამისი კანონპროექტის ინიციატორებს შორის არ არის.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ნინო წილოსანი, ენძელა მაჭავარიანი, აკაკი ზოიძე, მერაბ ქვარაია, დიმიტრი ცქიტიშვილი, შოთა ხაბარელი, ვიქტორ ჯაფარიძე, კარლო კოპალიანი, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, ილია ნაკაშიძე, თამარ ხულორდავა, გივი ჭიჭინაძე, ირაკლი სესიაშვილი, ალექსანდრე ქანთარია, რევაზ არველაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, გიორგი თოთლაძე, გოგი მეშველიანი, მიხეილ ყაველაშვილი, სიმონ ნოზაძე, ზაზა გაბუნია, ოთარ ჩრდილელი, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში, ისკო დასენი, არჩილ ხაბაძე, მახირ დარზიევი, თეიმურაზ ჭკუასელი, ზაზა ხუციშვილი, გრიგოლ მიქელაძე, ირაკლი ბერაია, ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია, პაატა კვიჟინაძე, გია ბენაშვილი, დავით სონღულაშვილი, ლევან კობიაშვილი, რუსლან პოღოსიანი, თენგიზ ხუბულური, გელა სამხარაული, სავალან მირზოევი, იოსებ მაკრახიძე, ლევან ბეჟანიძე, გიორგი ხატიძე, გენადი მარგველაშვილი, რუსლან გაჯიევი, სოფიო კილაძე, რომან მუჩიაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, სულხან მახათაძე, დიმიტრი მხეიძე, სამველ მანუკიანი, შალვა კიკნაველიძე, მუხრან ვახტანგაძე, კობა ნაკაიძე, დიმიტრი ხუნდაძე, კობა ლურსმანაშვილი, გუგული მაღრაძე, კახაბერ კუჭავა, გოჩა ენუქიძე, ოთარ დანელია, ედიშერ თოლორაია, თამაზ ნავერიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, კობა კობალაძე, ირაკლი აბუსერიძე, გიორგი კოპაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, რომან კაკულია, ირაკლი შიოლაშვილი, ბექა ოდიშარია, ცოტნე ზურაბიანი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ხახუბია, ირაკლი კოვზანაძე, მარიამ ჯაში, რატი იონათამიშვილი, ერეკლე ტრიპოლსკი, დიმიტრი სამხარაძე, ლადო კახაძე, ენზელ მკოიანი, ივლიანე წულაია, გიორგი მოსიძე, ელგუჯა გოცირიძე.

ამავე თემაზე

“[მაჟორიტარებს] არაფერს ვაიძულებთ” – მდინარაძე პროპორციულზე გადასვლაზე

კაპანაძის შეფასებით, პროპორციული სისტემის ჩაგდება ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება

მასალების გადაბეჭდვის წესი