ახალი ამბები

კაპანაძის შეფასებით, პროპორციული სისტემის ჩაგდება ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება

12 ნოემბერი, 2019 • 1502
კაპანაძის შეფასებით, პროპორციული სისტემის ჩაგდება ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება

“ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი იქნება.

კაპანაძის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, დღეს პარლამენტში განვითარებული პროცესები “ივანიშვილის ტრიუკებია”, თუ მაჟორიტარი დეპუტატები იზრდიან პოლიტიკურ წონას.

“დილით პროვოკაციული განცხადებები აკეთეს, გვკიდია კონსტიტუციაო. იგინეს და იფურთხეს. მერე ჩვენ და “ნაცებს” გვეჩხუბნენ. მერე – გოგიჩაიშვილს და გედის. მერე ინაშვილს და ლომიას “დააყარეს”. განსაკუთრებით ისეთი დეპუტატები აქტიურობდნენ, “რადიატორთან” რომ ისხდნენ 3 წელი. მერე იმ დეპუტატებმა, ვინც ინიციატორ 93-ში იყვნენ, კითხვების დასმა დაიწყეს, რატომ არის კარგი პროპორციულიო. ბოლოს კენჭისყრა გადადეს. მიუხედავად იმისა, ეს (ა) ბიძინას უაზრო ტრიუკებია, (ბ) მაჟორიტარები იზრდიან ფასს, (გ) ვიღაც იზრდის პოლიტიკურ წონას, თუ რამე სხვა მიზეზია. თუ ხვალ ამას “ქოცები” ჩააგდებენ, ეს იქნება ივანიშვილის პასუხისმგებლობა. და მოგვიწევს ყველას ერთად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა”, – წერს კაპანაძე სოციალურ ქსელში.


პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს დილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ხელისუფლება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ინიციატორ 93 დეპუტატს შორის თავადაც  არიან.  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტს კენჭისყრის გადადება და ხვალ უმრავლესობის სხდომის ფორმატში დამატებითი კონსულტაციების გამართვა შესთავაზა.

საბოლოოდ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრა ვერ მოესწრო და განხილვა ხვალ, 13 ნოემბერს გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი