ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა ვერ მოესწრო, განხილვა ხვალ გაგრძელდება

12 ნოემბერი, 2019 • 1321
საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა ვერ მოესწრო, განხილვა ხვალ გაგრძელდება

პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვას ხვალ გააგრძელებს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს დილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ხელისუფლება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კითხვები დასვეს დეპუტატებმა: კობა ლურსმანაშვილმა, ირაკლი შიოლაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მერაბ ქვარაიამ, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, დიმიტრი მხეიძემ, ენძელა მაჭავარიანმა, კახა ოქრიაშვილმა, ანზორ ბოლქვაძემ, რევაზ არველაძემ და სხვებმა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტს კენჭისყრის გადადება და ხვალ უმრავლესობის სხდომის ფორმატში დამატებითი კონსულტაციების გამართვა შესთავაზა.

საბოლოოდ, პარლამენტის პლენარული სესიისთვის განკუთვნილ დროში, 21:00 საათამდე კითხვებზე პასუხის გაცემა ვერ მოესწრო და პროექტის განხილვა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის ავტორები “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან, ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ბუნებრივი (ე.წ. ნულოვანი) ბარიერის პირობებში და პროპორციული სისტემით.

საკონსტიტუციო ცვლილებების სრული ჩანაწერის სანახავად ჩამოშალეთ
არჩევნების შედეგად პოლიტიკურ პარტიებზე მანდატების გასანაწილებლად, თითოეული პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას მიიღებს. პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად  პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, თოთოეული პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერით. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისთვის არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის მხარდაჭერის დადასტურების ვალდებულებისგან თავისუფლედბა ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში მაინც პროპორციული წესით 15 000 ხმა მაინც მიიღო, აგრეთვე, ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო”

21-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ თქვა, რომ წავიდოდა კომპრომისზე და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა, ნაცვლად მანამდე დაგეგმილი 2024 წლის არჩევნებისა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი