ახალი ამბები

საარჩევნო ცვლილების კანონპროექტის ავტორები ივანიშვილი და კობახიძე არიან

1 ივლისი, 2019 •
საარჩევნო ცვლილების კანონპროექტის ავტორები ივანიშვილი და კობახიძე არიან

“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ინიციატივა, რომლის პრეზენტაციასაც “შერატონ მეტეხი პალასში” დღეს, 14:00 საათზე გაიმართა.

პარლამენტის ბიურო დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელმოწერების ნამდვილობის დაზუსტებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაავალებს.

კონსტიტუციური კანონპროექტი  ითვალიწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პორობებში. კერძოდ, “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული პროექტით,

“საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას”.

ცვლილება შედის 2017 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონის გარდამავალი დებულებაში, რომელიც არეგულირებდა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების საკითხს.

მმართველი გუნდი ელის, რომ 2020 წელს პარლამენტში ყველა, თუნდაც მცირე საზოგადოებრივი გავლენის მქონე პოლიტიკური სუბიექტი იქნება წარმოდგენილი.

“უკანასკნელი პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანაა საჭირო. ქვეყნის მართვა სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი სუბიექტის ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ფართოდ გადანაწილების პირობებში უნდა გაგრძლდეს”, – ნათქვამია კონსტიტუციური კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კონსტიტუციური კანონპროექტი არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას.

კანონპროექტის ავტორები არიან პარტიის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტის გარდა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფს, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით, პარლამენტში შეტანილი აქვს 300 000-მდე მოქალაქის ხელმოწერა. საინიციატივო ჯგუფის წინადადება ასევე ითვალისწინებს 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, თუმცა 3%-იანი ბარიერის და ბლოკების დაშვების პირობებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი