20-21 ივნისის აქციის დარბევისას მძიმედ დაშავებული ერთ-ერთი ადამიანი, 31 წლის დავით ფარადაშვილი აცხადებს, რომ აქციაზე დგომისას თავში ცრემლსადენი გაზის შაშხანა მოხვდა, რის შემდეგაც დიდხანს იყო მძიმე მდგომარეობაში და ამ დრომდე გადის რეაბილიტაციას კლინიკაში.
ამ ყველაფრის ფონზე, დღემდე არც მას აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი; ფარადაშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრსა და ახლანდელ პრემიერს, გიორგი გახარიას აკისრებს.
„ტელევიზორში ვუყურებდი და მომეშალა ნერვები, მეთქი, ალბათ, ამ მთავრობას ჰგონია, რომ მაგ აზრზე მყოფი ხალხი მარტო ეგ არის, მაგ ხალხს დაარბევდა და ყველაფერს გაიტანდა თავისას, როგორც უნდოდა, ისე მოიქცეოდა. და მივედი იმის გამო, რომ ვყოფილიყავი იქ, ხალხმრავლობა რომ გამოჩენილიყო, ანუ ჩემს თანამოაზრეთა შორის ვყოფილიყავი“, — ამბობს იგი „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
დაშავების ეპიზოდს ასე იხსენებს: „ჩოჩქოლი ატყდა და მარცხენა მხრიდან მომხვდა, დავინახე, რაც მომხვდა. ცრემლსადენი გაზის შაშხანა მომხვდა, ბოლსაც უშვებდა, ჯერ ენთო კიდევ წითლად. თავში მომხვდა. მახსოვს, რომ დამიბნელდა თვალებში, ძირს დაცემა ვერ მოვახერხე, გვერდით იმდენი ადამიანი იყო. ძირს ვერ დავეცი. წამიყვანეს სასწრაფოების მხარეს, სასწრაფოები სავსე იყო“…
„მთავარი არხის“ თანახმად, მას თავის ქალის ძვალი ისე დაუზიანდა, რომ ახლა ტრანსპლანტაცია სჭირდება და ნატყვიარის ადგილას არსებული სიცარიელე ხელოვნურად უნდა ამოუვსონ; ასევე, ამჟამად გადის რეაბილიტაციას ტრავმისგან დარღვეული კოორდინაციის გამოსასწორებლად.
მისი თქმით, პოლიციამ ძალას გადაამეტა: „ელემენტარული, მე რომ ვყოფილიყავი მაგათ ადგილზე, მე რომ მდომოდა აქციის დარბევა, წყლით დავასველებდი ხალხს, უბრალოდ… სველი ადამიანი აქციაზე არ გაჩერდებოდა. რა შუაშია ცრემლსადენი გაზი და რეზინის და პლასტმასის ტყვიები? რატომ? როცა არსებობს ბევრად ჰუმანური საშუალება – წყალი“…
ვის აკისრებს ის პასუხისმგებლობას მომხდარზე? იგი ამბობს: „მთავარსარდალი გახარია იყო მაგ მდგომარეობაში და ეგ აკონტროლებდა მდგომარეობას და აბა, ვის უნდა აეღო [პასუხისმგებლობა]. პასუხი უნდა ეგო, გადადგებოდა თუ… 4 თვეა კლინიკაში ვწევარ, თეთრ კედლებში და „ბოდიში“?
დავით ფარადაშვილი ამბობს, რომ არავის გამოუკითხავს და არც მას აქვს დაზარალებულის სტატუსი: „უნდა ვიყო [დაზარალებულად ცნობილი]. 4 თვეა კლინიკაში, სარეაბილიტაციო ცენტრში და რეანიმაციაში ვარ და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესია ჩემთვის, სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ, მგონია…
„ჩემი ცხოვრებით არ მიცხოვრია ოთხი თვეა. ოთხი თვის ცხოვრება წამართვეს“, — ამბობს იგი.
საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.
დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ — მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა — თვალი დაკარგა.
ამ დრომდე მხოლოდ 4 სამოქალაქო პირს აქვს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული.