„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით ბრალი 2 პირს წარუდგინეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
საქმე ეხება მიმდინარე წლის 26 აგვისტოს მესტიაში მომხდარ შემთხვევას. ჟურნალისტ ემა გოგოხიასა და ოპერატორ ნიკა გვალიას სოფელ ხაიშში, ხე-ტყის გადამამუშავებელი ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე სიუჟეტის მომზადებისას თავს დაესხნენ.
გამოძიების ვერსიით, აღნიშნული პირები „მთავარი არხის“ თანამშრომლებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ, ასევე ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტზე.
“დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ცალ-ცალკე ალყაში ვყავდით. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ პოლიცია გამოვიძახეთ, ტექნიკა დაგვიბრუნეს იმ პირობით, რომ მასალას წავშლიდით. შემდეგ ოპერატორს დაემუქრნენ, რომ თუ მასალას გავუშვებდით, საქმეს გაგვირჩევდნენ”, — ასე იხსენებს მომხდარს ჟურნალისტი ემა გოგოხია.