„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და ერთ-ერთი მფლობელი ნიკა გვარამია ტელევიზიაში თავის წილსა და თანამდებობას თმობს. შესაბამისი მოთხოვნა დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრში 27 თებერვალს გაიგზავნა.
„მთავარი არხის“ პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, ნიკა გვარამია თავის 12%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს თავის ცოლს, სოფო ლილუაშვილს, კომპანიის გენერალური დირექტორი კი გიორგი გაბუნია გახდება.
გარდა ამისა, კომპანიას ასევე ეყოლება 2 დირექტორი — გიორგი ქურდაძე და მანუჩარ ახალაია. ისინი ამ თანამდებობაზე კომპანიის ყველაზე მსხვილმა მეწილეებმა — ბაკურ ჯახაიამ და BGIM LTD-მ წარადგინეს.
გარდა ამისა, კომპანიის ორმა მეწილემ, რომლებიც ფლობენ 0.2-0.2%-ს, თავიანთ წილს გადასცემენ BGIM LTD-ს.
საჯარო რეესტრს ამ საკითხზე წარმოება ჯერ არ დაუსრულებია.
ცნობილია, რომ ნიკა გვარამია უახლოეს დღეებში თავის პოლიტიკურ გუნდს წარადგენს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწყებს მზადებას.