ახალი ამბები

მიტროპოლიტი ანტონი ეკლესიაში ჰომოსექსუალობის ფაქტებს არ გამორიცხავს

5 ნოემბერი, 2019 • 4780
მიტროპოლიტი ანტონი ეკლესიაში ჰომოსექსუალობის ფაქტებს არ გამორიცხავს

“რა თქმა უნდა, შემოგვეპარება”, – ასე უპასუხა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა გადაცემა “რეაქციაში” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვას იმის შესახებ, უშვებს თუ არა ის, რომ ეკლესიაში ნამდვილად აქვს ადგილი ჰომოსექსუალურ კავშირებს.

მიტროპოლიტის თქმით, მარსზე არ ცხოვრობს და ასეთი ფაქტების შესახებ თვითონაც სმენია, ხოლო ქორეპოსკოპოსები განიხილავენ ასეთ საკითხებს და რამდენიმე მღვდელი განაყენეს კიდეც. მეუფე ანტონი მიიჩნევს, რომ ეკლესიას უფრო მკაცრი ზომების გატარებაც შეუძლია.

“ეკლესიაში მსგავსს პრობლემებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ აქედან ის არ გამოდის, რომ პატრიარქს ვგულისხმობ… ზოგადად იყო ლაპარაკი და ჩემთვის უცხო არ იყო, გაგონილი მქონდა და ვიცი. ჩვენ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, ზოგი წუხილით მოდის. საქართველოს ეკლესიისთვის 100-ზე მეტი მძოღვარი მყავს მიცემული და ყველა მათგანს ჰყავს მრევლი, ისინი მოდიან, აქვთ კითხვები… მე ვთქვი, რომ თითქოს ყველამ ყველაფერი იცის და არავის უნდა პირველმა თქვას. საერთოდ, ვისზეც მიდის ჭორი, ის საერთოდ ვერ გებულობს, ან ბოლოს გებულობს ამის შესახებ, იმიტომ, რომ ძნელია მისვლა და თქმა: თქვენზე ამას ამბობენ…”, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ პეტრე ცაავას ბრალდებებს საფუძველი ჰქონდა, მიტროპოლიტი ანტონი პასუხობს, რომ ეს თავად მეუფე პეტრეს უნდა ვკითხოთ, თუმცა მას “თეთრი ბილეთი არ აქვს, რომ [სრულიად უსაფუძვლოდ] ელაპარაკა”.

მიტროპოლიტ ანტონის თქმით, მეუფე პეტრეს ბრალდებებზე საუბარი იყო სინოდის სხდომაზე, თუმცა არავინ ელოდა, რომ საჯარო განცხადებას გააკეთებდა.

“არცერთი ჩვენგანი არ ფიქრობდა, რომ მეუფე პეტრე ამას გარეთ გააჟღერებდა. შიგნით იყო ჩვენს შორის ეს საკითხები, მაგრამ ჩვენთვის ყველასთვის გარეთ გაჟღერება იყო ბომბი. მეუფე პეტრეს ხასიათის სიმტკიცე აქვს ისეთი, ჩვენ ყველანი ვთხოვდით… მე პირადად ვუთხარი, რომ 46 ძმა ვართ, 45 გთხოვთ, რომ გაჩერდი რაღაცნაირად”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის თქმით, რამდენიმე მღვდელმთავარი პეტრე ცაავასთვის ჭყონდიდის ეპარქიის ჩამორთმევის წინააღმდეგი იყო.

“მე არ ვეთანხმდებოდი იმ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ბევრი ნაშრომი აქვს ეპარქიაში. რამდენიმე მღცდელმთავარმა ვთქვით, თქვენო უწმინდესობავ, იქნებ დარჩეს ეპარქიაში და შეინანოს”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.

სინოდის 31 ოქტომბრის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ თქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II არის “პედერასტიის და მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი”. სინოდმა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, გარდა ეპარქიის მმართველობისგან და სინოდის წევრობისგან გათავისუფლებისა, აუკრძალა მღვდელმოქმედება და მონასტერში გაამწესა, რასაც პეტრე ცაავა არ დაემორჩილა.

მიტროპოლიტი პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი