ახალი ამბები

მიტროპოლიტის თქმით, ჟურნალისტებმა ცემა დაიმსახურეს

13 ივლისი, 2021 • 2245
მიტროპოლიტის თქმით, ჟურნალისტებმა ცემა დაიმსახურეს

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი აცხადებს, რომ ჟურნალისტებმა ცემა დაიმსახურეს. ამის შესახებ მან დღეს, 13 ივლისს განაცხადა 5 ივლისის ძალადობრივი მოვლნებისა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების კომენტირებისას.

მიტროპოლიტი 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში საპატრიარქოს პასუხისმგებლობას ვერ ხედავს და ძალადობაში ჟურნალისტებს ადანაშაულებს.

“გვიწევს მოწოდება ხალხისა, იმიტომ, რომ ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო, თქვენ უწევთ პროპაგანდას, თითოეული თქვენგანი. თქვენ გარდააცვალეთ[ოპერატორი ლექსო ლაშქარავა], თქვენზეა მაგ პასუხისმგებლობა. ხალხის სიმებს ეხებით, იცით და წირავთ. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მაგის მკვლელობაზე. რატომ აკეთებთ ამას? რატომ გვილახავთ ღირსებას უმრავლესობას ? ვინაა მოძალადეები? უმრავლესობაზე ძალადობთ, თქვე მოძალადეებო. თქვენს სახელს ჩვენ ნუ გვარქმევთ, თქვენ ხართ ეგი, გამიგე? აბსოლუტურად”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, “იმის თქმა გინდათ, დავიმასახურეთ, რომ გვცემეს?”, სასულიერო პირი პასუხობს, რომ დაიმსახურეს.

კითვხაზე, ახალისებს თუ არა ცემას და მოსწონს თუ არა სასულიერო პირს ადამიანების ცემა, პასუხად მიტროპოლიტმა ჟურნალისტს თითი დაადო და უთხრა:

“ცემა თქვენ მოგწონთ. თქვენ მოგწონთ, რომ ძალადობთ ჩვენზე? ნუ ატრიალებთ ტეხნიკურად, გაიგე?! პი-პი-პიპ. ხელით გეხები კი არა, დავაპიპინე, გაიგე?!”, – უთხა ჟურნალისტს მიტროპოლიტმა ანტონმა.

მიტროპოლიტი ანტონი ჟურნალისტების მიმართ აგრესიით სხვა დროსაც გამოირჩეოდა. მან “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს სიუჟეტის მომზადების პროცესში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

5 ივლისს დაშავებულთაგან ერთ-ერთი ტვ “პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა, თუმცა ექსპერტიზას მისი გადრაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე არ დაუდგენია.

მასალების გადაბეჭდვის წესი