ახალი ამბები

ერთადერთი ჩემს თავზე არ მაქვს ეჭვი – მიტროპოლიტი ანტონი მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

13 ივლისი, 2023 •
ერთადერთი ჩემს თავზე არ მაქვს ეჭვი – მიტროპოლიტი ანტონი მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი აცხადებს, რომ პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლაზე ერთადერთი, ვისზეც ეჭვი არ აქვს, საკუთარი თავია.

ამის შესახებ მან დღეს, 13 ივლისს, ჟურნალისტებს განუცხადა.

„გაგებაში არ ვარ, წარმოუდგენელია, სიმართლე გითხრათ[…] ფაქტი ისაა, რომ ორგანიზმში აღმოჩენილია [მეტალები] და ეს ისეთი რამაა, რაც ჰაერიდან არ ჩნდება. ერთადერთი ვისზე ეჭვი არ მაქვს, ჩემს თავზე არ მაქვს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების შემცველობა დასაშვებზე მაღალი აღმოჩნდა.

მისი თქმით, ოფიციალურად არ მიუმართავთ საგამოძიებო უწყებისთვის და თავად იკვლევდნენ, საიდან შეიძლება გაჩენილიყო მიტროპოლიტ შიოს სისხლში აღნიშნული მეტალები. ჯაღმაიძის განცხადებით, განიხილებოდა საკვების ვერსია, თუმცა საკვები, რომელსაც მიტროპოლიტი მიირთმევს, სავარაუდო მოწამვლასთან კავშირში არ აღმოჩნდა.

პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მიტროპოლიტ შიოს ანალიზები გააგზავნეს უცხოეთშიც.

თავად პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს განცხადებით, ამჟამად თავს კარგად გრძნობს.  მისი თქმით, ხელმეორე კვლევები „ალბათ უნდა ჩატარდეს“ და ახლა საპატრიარქოში ექიმების რჩევებს ელიან. მისივე თქმით, ამჟამად ზუსტად ვერ იტყვის, ადგილი ჰქონდა „ყოფით მოწამვლას თუ გარკვეულ ზემოქმედებას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი