ახალი ამბებისაზოგადოება

„ჩატარდეს საერთო საეკლესიო კრება“ – ყოფილი მღვდელმთავარი ქრისტეფორე წამალაიძე

5 ნოემბერი, 2019 • 7374
„ჩატარდეს საერთო საეკლესიო კრება“ – ყოფილი მღვდელმთავარი ქრისტეფორე წამალაიძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი, სინოდის ყოფილი წევრი ქრისტეფორე წამალაიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ საჭიროა, მოწვეული იქნას საერთო საეკლესიო კრება [და არა სინოდის კრება], სადაც განიხილავენ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაგროვებულ სხვადასხვა პრობლემას.

„ნეტგაზეთი“ მას ეპისკოპოს ზოსიმე შიოშვილის წინააღმდეგ ბრალდების შესახებ დამატებითი ცნობების მისაღებად დაუკავშირდა. სინოდის წევრი, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში მართლმადიდებელმა მღვდელმა გიორგი სხილაძემ დაადანაშაულა [სხილაძე 2000-იანი წლებიდან საფრანგეთში საქმიანობს]. ეპისკოპოსი ზოსიმე ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს.

ბრალდების თანახმად, ეს ფაქტი 1980-იანი წლების ბოლოს მოხდა, როდესაც ეპისკოპოსი ზოსიმე თბილისის სემინარიის რექტორი იყო:

„1988 წლის ოცდასამ დეკემბერს თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი — ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი — სტუდენტებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ის სტუდენტს სოდომურად ,,თავს დაესხა“ ,,სვეტიცხოვლის“ რეზიდენციაში, ამხილეს და მასვე თანამდებობიდან გადადგომის ხელწერილი დააწერინეს. პატრიარქმა ილიამ ისინი, ,,თავდასხმის“ ობიექტის ჩათვლით, თავისთან დაბარება-გამოკითხვის გარეშე, სასწავლებლიდან გარიცხა“, – წერს გიორგი სხილაძე. მისი ცნობითვე, მღვდელმთავარი ზოსიმე ამის შემდეგ ორჯერ დააწინაურეს. იგი დღემდე წილკნელ მიტროპოლიტად ირიცხება სინოდში.

ეპისკოპოსი ზოსიმე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ცილისწამებაა. მისი თქმით, უთანხმოება იმან გამოიწვია, რომ სასულიერო სემინარიის სტუდენტებს, რომლებიც ანტისაბჭოთა მანიფესტაციებში იღებდნენ მონაწილეობას, სემინარიის შინაგანაწესის დაცვა სთხოვა.

5 ნოემბერს გამოცემა „ტაბულამ“ გაავრცელა სტუდენტის წერილი, სადაც ბრალდების დეტალებია მოთხრობილი. წერილი გაგზავნილია მარგვეთის მაშინდელი ეპისკოპოსის, ქრისტეფორე წამალაიძის სახელზე, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი იყო.

მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა, რომ იცოდა ამ ბრალდების შესახებ — მეტიც, გვითხრა, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებები ეპისკოპოს ზოსიმე შიოშვილის წინააღმდეგ „ყველამ იცოდა“:

„ეგეთი ფაქტი იყო, რა თქმა უნდა, დაიბეჭდა კიდეც, ის ხელწერილიც დაიბეჭდა… ეს მაშინვე ძალიან გავრცელებული ინფორმაცია იყო. ოთხი სტუდენტი გაირიცხა, არის ეს გაზეთებში, ახალს ვერაფერს გეტყვით“. ასევე, გვითხრა: „ესენი იყვნენ ჩემი ეპარქიიდან გამოგზავნილი სემინარიის სტუდენტები… მე კი არ მითხრეს მხოლოდ, აბსოლუტურად ყველამ იცოდა… ზვიადი [გამსახურდია] მიუვარდა მერე სემინარიაში“.

წამალაიძე, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოძღვარი იყო, დამატებით დეტალებზე არ საუბრობს: „როცა [ამ და სხვა ბრალდებებზე ვსაუბრობდით], არავინ არ გამოგვეხმაურა ჩვენ. არავინ. აზრი არაფერს არა აქვს… როცა მოწვეული იქნება საეკლესიო კრება, იქ გაირჩევა ყველაფერი“.

ქრისტეფორე წამალაიძე საერთო საეკლესიო კრების მოწვევის საჭიროებაზე საუბრობს: „როცა მოწვეული იქნება საერთო კრება, — არა სინოდისა, — არამედ საერთო საეკლესიო კრება, იქ ყველაფერი გაირჩევა… სჯულის კანონში წერია, ორჯერ წელში უნდა ხდებოდეს საეკლესიო კრების მოწვევა. მას უნდა ესწრებოდნენ მღვდელმთავრები, მღვდლები, დიაკვნები და საერო ხალხი და თუ რამეა გასარკვევი, უნდა გაირკვეს და მისცენ დამაჯერებული, არგუმენტირებული პასუხი“.


ქრისტეფორე წამალაიძე ერთ-ერთია იმ ხუთ მღვდელმთავარს შორის, რომლებმაც 1980-იან წლებში პატრიარქი ილია II „სოდომურ ცოდვაში მყოფი“ და პედოფილიაში ბრალდებული მაღალი რანგის სასულიერო პირების  მფარველობაში დაადანაშაულეს.

1984 წელს მათგან ერთ-ერთი, ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი ილია II-ს სწერდა: „ხუთი მღვდელმთავრის მიერ თხოვნის შემოტანის შემდეგ თქვენ პირადი ავტორიტეტის გაწირვის ფასად შეეცადეთ დაგეხსნათ მამათმავლები. რაში გჭირდებოდათ ეს? თხოვნაზე ხელისმომწერი ხუთი მღვდელმთავრიდან სამი – მიტროპოლიტი გრიგოლ ცერცვაძე, მთავარეპისკოპოსი ათანასე ჩახვაშვილი და ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე – თქვენი უხეში ძალდატანებით აიძულეთ უკან დაეხიათ. მაგრამ 1983 წლის 3 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მათ მაინც დაუჭირეს მხარი მამათმავლების ეკლესიიდან გაძევებას. ასეთია სიმართლის ძალა“.

ქრისტეფორე წამალაიძეს სინოდმა 1995 წელს ჩამოართვა ეპარქია და მღველმოქმედება აუკრძალა. ამჟამად იგი დამოუკიდებლად მოღვაწეობს.

მეუფე ზოსიმეს სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი