ახალი ამბები

მეუფე ქრისტეფორე წამალაიძის შვილი გარდაცვლილი იპოვეს

7 ნოემბერი, 2019 • 11840
მეუფე ქრისტეფორე წამალაიძის შვილი გარდაცვლილი იპოვეს

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე ბინაში ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. იერემია (იასონ) წამალაიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია.

„ჯერჯერობით არაფერია გარკვეული. ამ წუთებში უტარდება ექსპერტიზა. ოჯახმა სრულიად შემთხვევით იპოვა ბინის გარეთ, დერეფანში წაქცეული. რატომ, როგორ, გაურკვეველია. არაფერი არ აწუხებდა ადამიანს. არ ვიცით ჯერჯერობით, ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ეპისკოპოსის ოჯახის ახლობელმა.

გარდაცვლილი 50 წლის იყო და, როგორც ოჯახის ახლობელი გვეუბნება, ჯანმრთელობას არ უჩიოდა.

მარცხნივ ქრისტეფორე წამალაიძე, მარჯვნივ იასონ წამალაიძე

გარდაცვლილი ეპისკოპოსი იერემია (იასონ)  წამალაიძე სამგორში, მეტრომშენის დასახლებაში მდებარე ეკლესიაში მსახურობდა. ეს ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არ არის.

შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.

ოჯახის ახლობლის ცნობით, მას შემდეგ [1980-იანი წლები,] რაც ქრისტეფორე წამალაიძე საპატრიარქოს ისტაბლიშმენტს დაუპირისპირდა, ამ ოჯახს არაერთხელ მიუღია მუქარის შემცველი შეტყობინება, თუმცა ის არ არის ინფორმირებული, ბოლო დღეებში აგორებული სკანდალების შემდეგ დაემუქრა თუ არა მათ ვინმე.

ამავე თემაზე – “სანამ გამოძიება და ექსპერტიზა არ დასრულდება, ვერაფერს გეტყვით” – ქრისტეფორე წამალაიძე შვილის გარდაცვალებაზე


შესწორება: სტატია განახლდა 12:12 საათზე, დაზუსტდა გარდაცვლილის საეკლესიო სახელი და ადგილი. ასევე სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ის ეკლესია, რომელშიც ის მსახურობდა, მსოფლიო საპატრიარქოს ეკუთვნის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.


ნახეთ რა თქვა ქრისტეფორე წამალაიძემ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:

მეუფე ზოსიმეს სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი