ახალი ამბები

მეუფე ზოსიმეს სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

5 ნოემბერი, 2019 • 3205
მეუფე ზოსიმეს სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

მართლმადიდებელი მღვდელი გიორგი სხილაძე, რომელიც 2000-იანი წლებიდან საფრანგეთში საქმიანობს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს 1980-იანი წლების ბოლოს სასულიერო აკადემიის სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

მიტროპოლიტი ზოსიმე სასულირო სასწავლებლის პირველი რექტორი იყო, რომელიც თბილისში 1988 წელს გაიხსნა.

“1988წ-ის ოცდასამ დეკემბერს თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი _ ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ის სტუდენტს სოდომურად ,,თავს დაესხა“ ,,სვეტიცხოვლის” რეზიდენციაში, ამხილეს და მასვე თანამდებობიდან გადადგომის ხელწერილი დააწერინეს. პატრიარქმა ილიამ ისინი, ,,თავდასხმის“ ობიექტის ჩათვლით, თავისთან დაბარება-გამოკითხვის გარეშე, სასწავლებლიდან გარიცხა”, – წერს გიორგი სხილაძე და დასძენს, რომ მღვდელმთავარი ზოსიმე ამის შემდეგ ორჯერ დააწინაურეს და დღემდე წილკნელ მიტროპოლიტად ირიცხება სინოდში.

“მოვითხოვ, დაიკითხონ ის ყოფილი სტუდენტები (მათ შორის, ამ კომენტარის ავტორიც) ჩატარდეს ამ ხელწერილის ექსპერტიზა; ეკუთვნის თუ არა ის მიტროპოლიტ ზოსიმეს! თუკი ნაყალბევია, მზად ვარ, პასუხი ვაგო ცილისწამებისათვის! ეს ხელწერილი ჩემს თვალწინ დაწერა, ჩემივე თხოვნით, ამ ცრუმღვდელმთავარმა”, – წერს გიორგი სხილაძე ფეისბუკზე და ასევე აქვეყნებს ხელწერილს, რომელიც მისი მტკიცებით მიტროპოლიტ ზოსიმეს დაწერილია.

‘მთავარ არხის” ცნობით, აღნიშნულ ბრალდების შესახებ იცის მეორე მართლმადიდებელმა მღვდელმა ზაქარია ფერაძემ, რომელიც კვიპროსში ეწევა სასულიერო საქმიანობას და  საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელიცაა ამ ქვეყანაში. მისი თქმით, სტუდენტი ადანაშაულებდა მღვდელმთავარს სექსუალური შინაარსის შეთავაზებაში.  ეპისკოპოსმა ზოსიმემ სტუდენტებთან მოილაპარაკა, რომ სულ დატოვებდა სასულიერო სასწავლებელს, თუმცა რამდენიმე დღეში უკან დაბრუნდა.

“უშიშროებამ, KGB-მ დააბრუნა უკან”, – აცხადებს სასულიერო პირი მთავართან საუბარში.

ნეტგაზეთი ესაუბრა მიტროპოლიტ ზოსიმეს თანაშემწეს, რომელიც ამბობს, რომ მეუფე გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ დატოვა თავის დროზე სემინარიის რექტორის თანამდებობა, თანაშემწის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია.

სასულიერო აკადემიაში მეუფე ზოსიმეს თანამდებობიდან გადადგომის ოფიციალური მიზეზი ასეთია:

“XX საუკუნის 80-იანი წლების თბილისი გამოირჩეოდა პერმანენტული საპროტესტო აქციებით, მიტინგებითა და დემონსტრაციებით. ვინც ამ მიტინგებსა და დემონსტრაციებში არ მონაწილეობდა, სამწუხაროდ, ის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის მტრად ცხადდებოდა. მეუფე ზოსიმე 1989 წლის თებერვალში იძულებული გახდა გადამდგარიყო აკადემიის რექტორობიდან…”, – ნაწყვეტი პროფესორ სერგო ვარდოსანიძის წიგნიდან, რომელიც მღვდელმთავრების ცხოვრებას ეხება და რომელსაც საპატრიარქოს ვებგვერდიც ციტირებს.

ზოსიმე, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი, დაიბადა 1951 წლის 3 აგვისტოს, ბერად აღიკვეცა 1981 წელს, ეპისკოპოსად ეკურთხა 1983 წელს,  მთავარეპისკოპოსობა ებოძა 1996 წელს, მიტროპოლიტობა – 2009 წელს.

ამავე თემაზე

“ცილისწამება” – მიტროპოლიტი ზოსიმე სექსუალურ შევიწროებაზე ბრალდებებს უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი