ახალი ამბებისაზოგადოება

რას ნიშნავს ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად იოანეს გამწესება და რა ვიცით მასზე

1 ნოემბერი, 2019 • 8449
რას ნიშნავს ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად იოანეს გამწესება და რა ვიცით მასზე

მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ, ქუთაის-გაენათის (გელათის) ეპარქიაში მიტროპოლიტი იოანე გამრეკელის დანიშვნა, ზოგიერთი თეოლოგის შეფასებით, რუსეთ-საქართველოს ისტორიის გამრეკელისეულ ინტერპრეტაციისა და პრორუსული ხედვის გათვალისწინებით, ეკლესიის წიაღში არსებული პრორუსული განწყობების გაძლიერებას ნიშნავს. რა ვიცით მის ბიოგრაფიასა და შეხედულებებზე და რის გამო ფიქრობენ ასე თეოლოგები?

ბიოგრაფია

საპატრიარქოს ვებგვერდის თანახმად, 73 წლის მიტროპოლიტის ბიოგრაფიის მოკლე შეჯამება ასეთია: დაიბადა თბილისში, ისტორიკოსის ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ თბილისის პოლიტექნიკურ, შემდეგ კი ნოვოჩერკასის (ქალაქი როსტოვში) გეოლოგიის ინსტიტუტებში გეოლოგია ისწავლა და კარიერაც ამავე სფეროში გააგრძელა 1985 წლამდე.

37 წლის ასაკში სიონის ტაძრის სტიქაროსანი გამხდარა, 2 წელიწადში კი მცხეთის სასულიერო სემინარიაში გადასულა სასწავლებლად. იქ სწავლის დასრულებამდე, 41 წლის ასაკში, დიაკვნად აკურთხეს, აქედან ერთ წელიწადში კი უკვე მღვდელი გახდა.

1989 წელს, როდესაც თბილისში მძიმე მოვლენები ვითარდება, ის უკვე სიონის ტაძრის პროტოპრესვიტერი (ხელმძღვანელი) და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორია. ამავე წყაროს ცნობით, 9 აპრილის დილა — როდესაც საბჭოთა არმიის ნაწილებმა მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეები დაარბიეს და დახოცეს — მან ილია II-სთან ერთად გაატარა მთავრობის სასახლესთან.

[ეს ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ეპიზოდია ილია II-ის პატრიარქობის პერიოდში: 9 აპრილს მან ანტისაბჭოთა დემონსტრაციას განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, [დარბევის] საშიშროება რეალური იყო და მოუწოდა, „ქაშვეთის ეკლესიაში შესულიყვნენ“. თვითონ უარყოფს, რომ ეს დაშლისკენ მოწოდება იყო, თუმცა არაერთი დღემდე ასე აღიქვამს ამ განცხადებას]

შემდეგ პერიოდში, 1995 წელს, იოანე გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა. ამავე პერიოდიდან გამოსცემდა რელიგიურ ჟურნალს, კითხულობდა ლექციებს სემინარიაში. ბერად 2008 წელს აღიკვეცა. საინტერესოა, რომ ეპისკოპოსად აქედან სულ რაღაც სამ დღეში აკურთხეს. მთავარეპისკოპოსის ტიტული 2010 წელს უბოძეს, ხოლო კიდევ უფრო მაღალი იერარქია — მიტროპოლიტობა — 2011 წელს.

ბოლო ცვლილებები

მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს აქამდე ოფიციალურად ებარა რუსთავის ეპარქია, თუმცა 31 ოქტომბერს, დაძაბული ვითარების ფონზე, სინოდმა რუსთავის ეპარქია მცხეთა-თბილისისას შეუერთა, მიტროპოლიტი იოანე კი ქუთაის-გაენათის ეპარქიაში გაამწესა.

ქუთაისისა და გაენათის ეპარქია სიდიდით მეორეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებს შორის (მცხეთა-თბილისის შემდეგ) და, როგორც სინოდის წევრი, ეპისკოპოსი საბა ინწკირველი ამბობს, „ეკლესიების სიმრავლისა და მართვის თვალსაზრისით, რთული ეპარქია შეიძლება იყოს“.

სწორედ ამ მნიშვნელობის გათვალისწინებითაც არის შეშფოთებული თეოლოგებისა და საზოგადოების ნაწილი იოანე გამრეკელის იქ გამწესების გამო. რა აქვთ მათ გამრეკელის საწინააღმდეგო?

„საქართველოს გზა“?

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი წერს: „იოანე გამრეკელი არის ერთადერთი მღვდელმთავარი, რომელსაც … პროგრამულად აქვს მოწოდებული, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს რუსულ ორიენტაციას“.

იგი მიუთითებს გამრეკელის მიერ 2014 წელს გამოქვეყნებულ წერილზე, რომელიც პირველად ჟურნალ „სამ საუნჯეში“ დაიბეჭდა, სათაურით „საქართველოს გზა“.

მოგვიანებით იგივე წერილი მოხვდა იმავე ჟურნალის დამატებით გამოცემულ კრებულში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. 630-გვერდიან ალმანახში, გამრეკელის წერილებთან ერთად, გამოქვეყნებულია “რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის” თავმჯდომარის, ირაკლი ყიფიანისა და “ევრაზიული ინსტიტუტის” დამფუძნებელ გულბაათ რცხილაძის, ასევე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილის წერილები.

მოვიყვანოთ რამდენიმე ეპიზოდი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელის აღნიშნული წერილიდან:

„სამწუხაროდ, ვრცელდება მოარული შეხედულება, რომ რუსებმა შურის გამო გადაათეთრეს ჩვენი ტაძრები და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალეს. ეს განცხადება ვიღაცამ ოდესღაც გაავრცელა და ბევრმა აიტაცა ისე, რომ არც გააანალიზა, რაში იყო საქმე. საერთოდ ტაძრები კი არ შეუთეთრებიათ, არამედ რუსეთის მეფის საქართველოში სტუმრობის წინ, გზაზე, რომელზეც მას უნდა გაევლო, იმ ტაძართა კედლები, რომლებზეც ფრესკების მხოლოდ ფრაგმენტებიღა იყო, რადგან მათი რესტავრაციის ან ხელახალი მოხატვის საშუალება არ იყო, შეათეთრეს და ხატები დაკიდეს“…

მასვე ეკუთვნის სიტყვები: „ჩვენ გვაშინებენ ჩრდილოელი მეზობლით — რუსეთით, და გვიკიჟინებენ, რომ „რუსეთი ამას და ამას გიზამთ თქვენ“… ქვეყანა, რომელსაც წარსულში ბევრი ბოროტება დაატეხა თავს ჩვენს ქვეყანას, მომავალში კიდევ უფრო მეტად გაგვამწარებს, რუსეთს ეს და ეს გაუკეთებია ჩვენთვისო. რუსეთს საქართველოსთან სულ ცოტა ორსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორია აქვს. მანამდე ეს ურთიერთობები ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. ამ ურთიერთობის მთავარი სიკეთე იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოს ეძლეოდა საშაულება არსებობის იმ გზით გაგრძელებისა, რომელიც 15 საუკუნის წინ აირჩია, რაც ძალიან კარგად იცოდა ერეკლე მეორემ. თუ მის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯის შედეგს ფართო მასშტაბით, ობიექტურად გავაანალიზებთ, ისტორიული პროცესი დაგვიდასტურებს, რომ რუსეთთან თანაცხოვრების პერიოდი საქართველოსთვის დადებითი იყო, თუმცა დღეს ბევრი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს“.

ევროპაზე მისეულ მსჯელობაში ჰომოფობიასაც გადააწყდებით: „ევროპული ღირებულებები, ერთი მხრივ, თავის თავში შეიცავს ქრისტიანული ღირებულებების ნატამალს და მეორე მხრივ, არაქრისტიანულს და ანტიქრისტიანულს. ანტიქრისტიანულია ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით, შემწყნარებლობის ნიღბით არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა, გავრცელება და სოციალურ ფენომენად გადაქცევის მცდელობა“…

„პრორუსული განცხადებები“

თეოლოგ ლადო წითლიძეს მიტროპოლიტი იაონე „ერთმნიშვნელოვნად პრორუსულ ფიგურად“ მიაჩნია, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნული წერილის შინაარსის გამო და მანიპულაციურსა და კატასტროფულს უწოდებს XIX საუკუნეში მომხდარი მოვლენების მიტროპოლიტისეულ ინტერპრეტაციას.

კიდევ ერთი თეოლოგი, ლადო ნარსია „ნეტგაზეთს“ ეუბნება: „წერილში კარგად ჩანს, როგორ ხედავს ეს ადამიანი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს და რა ორბიტაზე წარმოუდგენია მომავალი“. რაში ხედავს ის პრობლემას?

„მისი ხედვა უნდა იქნას დაგმობილი და არაადეკვატურად შეფასებული. ოფიციალური დადგენილება იყო, რომლითაც მთავარმართებელი ქართულ ენაზე გალობას კრძალავდა; სემინარიის სტუდენტმა იოსებ ლაღიაშვილმა რექტორი პავლე ჩედუცკი იმის გამო მოკლა, რომ ქართული საუბარი აკრძალული იყო, ქართული ხელნაწერი აღმოუჩინეს და გარიცხეს… საქართველოს საეგზარქოსოს [რუსეთის ეკლესიის ადმინისტრაციული ორგანო] პერიოდის ფაქტები როდესაც იცი — როგორ ძარცვავდნენ და გაჰქონდათ ეგზარქოსებს მთელი საქართველო, ამის პარალელურად მიდის პროცესები ენის აკრძალვასთან დაკავშირებით, გალობის აკრძალვა, არის კამპანია ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, გარუსებასთან დაკავშირებით — და ამ ყველაფრის ფონზე ამბობ, რომ ტაძრების თეთრად გადაღებვა იყო შემთხვევითობა, არის აშკარად ტენდენციური და ამის მიზანია რუსული პოლიტიკის კვალის დაფარვა“.

სწორედ ამის გამო მიაჩნია ლადო ნარსიას, რომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ხედვა „ნამდვილად არის ფაქტების იმგვარად დამახინჯება, რომ მკითხველს აურიოს თავგზა, რომ ვეღარ გააკეთოს ადეკვატური შეფასება“.

თეოლოგი ლადო წითლიძეც ამ აზრზეა: „რუსეთი ამას — ეკლესიების გადათეთრებას, წირვა-ლოცვის აკრძალვას, ყველაფერი პროქართულის დევნას — აკეთებდა მას შემდეგ, რაც 1811 წელს გააუქმა ჩვენი ავტოკეფალია. ტაძრების გადათეთრება, ქართული წირვა-ლოცვის დაუშვებლობა არის სწორედ რუსეთის იმპერიის და ეკლესიის ისტორიული სახე და ნებისმიერი მცდელობა, გაამართლო ეს, არის სრული ან იდიოტიზმი, ან შეგნებული მავნებლობა“, — გვეუბნება იგი.

მისივე თქმით, „სწორედ ამ პოლიტიკის წინააღმდეგ იბრძოდნენ ილიას წინამძღოლობით თერგდალეულები, და ამას ვხედავთ დღესაც აფხაზეთსა და ოსეთში, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული“.

„მოსკოვი რომ ვახსენო, რუსეთის აგენტი ვარ“?

2019 წლის ივნისში, როდესაც მას ადგილობრივმა გამოცემა „ქუთაისიპოსტმა“ აღნიშნული წერილი გაახსენა, მიტროპოლიტმა იოანემ თქვა: „გეტყვით, რა მიწერია: მე ვამბობ, რომ არის ორი სახის აგრესია — ფიზიკური და სულიერი. ფიზიკური აგრესია იწვევს წინააღმდეგობას და სულიერი აგრესია ხწრნის ერს. აირჩიეთ, რომელი გინდათ“…

„მე რომ სიტყვა მოსკოვი ვახსენო, რა, რუსეთის აგენტი ვარ?.. არის ბოროტება მეტი და არის ბოროტება ნაკლები. რომელს აირჩევთ თქვენ? რა დღეში იყვნენ ქართველები ახალციხეში და ადიგენის რაიონში. რუსების შემოსვლამ განდევნა იქ თურქები და მათ ამოისუნთქეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ბოროტება არ ჩაუდენიათ. ვინც სიკეთეს ვერ ხედავს, ის თვითონ არის ბოროტებით სავსე ადამიანი“, — თქვა მან.

მას შემდეგ, რაც 31 ოქტომბერს მიტროპოლიტი იოანე ოფიციალურად გაამწესეს ქუთაისის ეპარქიაში, „მთავარ არხზე“ სინოდის ერთ-ერთ წევრს, ჩრდილოეთ  ამერიკის ეპისკოპოს საბა ინწკირველს ჰკითხეს: „არ არის პრობლემა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად იმ ადამიანის დამტკიცება, რომელიც მყარად არის მიჩნეული ძალიან ბევრი ქართველი ქრისტიანის მიერ რუსული გავლენების მღვდელმთავრად?“ პასუხად სინოდის წევრმა მიუგო:

„როდესაც დაქვრივებულ ეპარქიაში [ახალ ეპისკოპოსს/მიტროპოლიტს] წარადგენს პატრიარქი, ან როდესაც ეპარქიების ცვლილება ხდება, მღვდელმთავრებს აქვთ თავიანთი აზრი. [31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე] არცერთ მღვდელმთავარს არ გამოუხატავს თავისი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკვშირებით. მით უმეტეს, რომ ქუთაის-გაენათის ეპარქიაში ეს მღვდელმთავარი უკვე არის რამდენიმე თვეა. მე ვიცი სასულიერო პირების დამოკიდებულება. ეს არის ერთ-ერთი დიდი ეპარქია, ასევე ეკლესიების სიმრავლითა და მართვითაც რთული ეპარქია შეიძლება იყოს. სასულიერო პირებისთვისაც ამ თვეების განმავლობაში მისი მოღვაწეობა, რისი უფლებაც ჰქონდა, შესანიშნავად ართმევდა თავს… თუკი ვსაუბრობთ რუსეთთან და პოლიტიკურ საკითხებსა და დამოკიდებულებაზე, ეს შეიძლება [სხვა საკითხი იყოს]“…

„ეკლესიის პრორუსულობის გამოხატულება“

ლადო წითლიძე კიდევ ერთ ეპიზოდს იხსენებს: „მეუფე იოანე არ თაკილობდა ისეთი ოდიოზური პრორუსული ძალის [„ევრაზიის ინსტიტუტის] მიერ მოწყობილ კინოჩვენებაზე დასწრებას სადაც „ნატო“ და ამერიკა, სერბეთის მივლენების გამო, აგრესიულ, მჩაგვრელ ძალად იყო წარმოდგენილი, ამერიკა კი ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია და თუ ვინმეს აწყობს მისი დემონიზება (კრიტიკაზე, რა თქმა უნდა, არაა პრობლემა), ეს არის რუსეთი“.

ამასთან, მიტროპოლიტი იოანე აქტიურად გამოდიოდა სამოქალაქო განათლების საგნის, „მე და საზოგადოების“, წინააღმდეგ. მან 2017 წლის ივლისში ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად გამართა ამ საკითხზე პრესკონფერენცია.

ლადო ნარსია გვეუბნება: „რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში [როდესაც სიდიდით მეორე ეპარქიაში ინიშნება] მას ეძლევა შესაძლებლობა, რომ გამოიყენოს რბილი ძალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მექანიზმი, როგორიც არის კათედრები და ა.შ. რასაც ნამდვილად უნდა მივაქციოთ ყურადღება“.

ლადო წითლიძე კი ამბობს: „ამ მკვეთრად რუსოფილური განწყობების მქონე ეპისკოპოსის გამწესება ისეთ მნიშვნელოვან ეპარქიაში, როგორიც ქუთაისია, ცხადი გამოხატულებაა ეკლესიის შიგნით არსებული ძალების პოლიტიკური გემოვნებისა და ორიენტაციისა. ეს არის საპატრიარქოში არსებული შიდა ლოგიკის გაგრძელება, და ეს იმის ფონზე, როდესაც კრიტიკული ხმები ირიყებიან“, — ამბობს ლადო წითლიძე.

„და, ზოგადად, თუ დავაკვირდებით, ყველა პრორუსული ძალა კომფორტულად გრძნობს საპატრიარქოსთთან ურთიერთობაში თავს. დღეს ჩვენი სინოდი შედგება მენტალური საბჭოთა მოქალაქეებისაგან, რომლებიც იზიარებენ ლევან ვასაძის თუ ირმა ინაშვილის პროპაგანდისტულ პოზიციას ჩვენი ქვეყნის დასავლეთისაკეს სწრაფვის შესახებ, და მეუფე იოანეც, სამწუხაროდ, მათ რიგებშია“, — გვეუბნება იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი