ახალი ამბები

NATO-ს საწინააღმდეგო აქციის დროს დაპირისპირების შედეგად პოლიციამ მოქალაქეები დააკავა

24 მარტი, 2014 • • 1332
NATO-ს საწინააღმდეგო აქციის დროს დაპირისპირების შედეგად პოლიციამ მოქალაქეები დააკავა

აქციის ერთ-ერთი მონაწილე დარბაზში ფილმის ჩვენების შემდეგ შევიდა. მან მაყურებელს მიმართა – “რა ღირს თქვენთვის სამშობლო?” და ხურდა ფული გადაუყარა. აქციის მონაწილის მხრიდან აღნიშნულ ქმედებას დარბაზის გაღიზიანება მოჰყვა. მაყურებელთა ნაწილმა აქციის მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 


დაპირისპირება NATO-ს საწინააღმდეგო აქციისა და კონტრაქციის მონაწილეთა შორის ქუჩაშიც გაგრძელდა. შედეგად, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით [ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი-166-ე მუხლი] ორივე მხრიდან არიან დაკავებულები.


დღეს, 24 მარტს კინოს სახლში ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივით გაიმართა 30-წუთიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება იუგოსლავიის დაბომბვისა და შემდგომი პერიოდის ამსახველი ვითარების შესახებ. კინოჩვენებას რამდენიმე სასულიერო პირიც ესწრებოდა. 

 

როგორც ორგანიზატორი ორგანიზაცია აცხადებს, ამ ფილმის მიზანია, “საზოგადოებას შეახსენოს და ნაწილობრივ გააცნოს ფაქტები, რომლებიც დაკავშირებულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან არა მხოლოდ იუგოსლავიის სახელმწიფოს, არამედ მართლმადიდებლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან.”

 

აქციის მონაწილეები, რომლებიც კინოს სახლთან იყვნენ შეკრებილი, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტითა” და მისი საქმიანობით უნდა დაინტერესდეს. 


 

ამჟამად NATO-ს წინააღმდეგ აქციის მონაწილეები აწყობენ მსვლელობას, “სერბი ხალხის ტრაგედიისა და ნატოსადმი კრიტიკის ამსახველი ტრანსპარანტებითა და პლაკატებით”, რუსთაველის გამზირის მიმართულებით, რომელიც დასრულდება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, გუდიაშვილის 7-ში, სადაც “ნატოს საინფორმაციო ცენტრია” განთავსებული. აქციის მონაწილეებს შორის არიან სასულიერო პირებიც. მათ შორის, იოანე [მეუფე] გამრეკელი, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი.

 

 

 

2008 წლის 5 იანვრის საქართველოს ნატოში გაწევრიანების პლებისციტის შედეგად მოსახლეობის 77%-მა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.


მასალების გადაბეჭდვის წესი