ახალი ამბები

“ეს დანაშაულებრივი სქემაა” – რატომ ვერ ახერხებს კომპანია პარკების განბაჟებას

30 ოქტომბერი, 2019 • 1739
“ეს დანაშაულებრივი სქემაა” – რატომ ვერ ახერხებს კომპანია პარკების განბაჟებას

კომპანია, რომელიც “კარფურს”, “ნიკორას”, “სპარსა” და სხვა ქსელებს ბიოდეგრადირებადი პარკებით ამარაგებს, უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოში თურქეთიდან შემოტანილი პარკების განბაჟებას ვერ ახერხებს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ისინი საბაჟო დეპარტამენტსა და შემოსავლების სამსახურში არსებული დანაშაულებრივი სქემის მსხვერპლი გახდნენ. კომპანია დახმარებას პრემიერ-მინისტრ  გიორგი გახარიასგან ელოდება.

საბაჟო დეპარტამენტი თითქმის შვიდი თვეა, შპს მაჭახელს თურქეთიდან იმპორტირებული ბიოდეგრადირებადი პარკების განბაჟებაზე უარს ეუბნება. შედეგად, 23 აპრილს შემოტანილი ტვირთი ამ დრომდე თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაშია გაჩერებული.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ნათია შარაშანიძე ნეტგაზეთს ეუბნება, საბაჟო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებით მისი კომპანია სერიოზულად დაზარალდა, რადგან პროდუქცია ფუჭდება. ამასთან, გაჩერებულ ტვირთში კომპანია ყოველთვიურად თითქმის 2 ათასი ლარს იხდის.

ნათია შარაშანიძე

“ვალდებულები გვქონდა აღებული ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან. თავის მხრივ, მათ აქვთ სარეკლამო ვალდებულებები [პარკებზე განთავსებული რეკლამები] სხვა კომპანიებთან. მათაც ხომ გაუფუჭდათ საქმე, რადგან ეს რეკლამები პარკებზე ვერ განათავსეს? ჩვენ კი ჩვენი ვალდებულებები ვერ შევასრულეთ.”

კომპანიის დირექტორი ასევე გვეუბნება, რომ “მაჭახელი” პარკებს მაღაზიის ისეთ მსხვილ ქსელებს აწვდის, როგორებიც არიან “კარფური”, “სპარი”, “სუფთა სახლი”, “ნიკორა” და სხვა.

2014 წელს დაფუძნებული შპს მაჭახელი საქართველოში პარკებთან ერთად სხვადასხვა შესაფუთი მასალის იმპორტსაც ახორციელებს. უშუალოდ ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტი კომპანიამ 2018 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და, როგორც თავად ამბობენ, 23 აპრილამდე საქართველოში ტვირთი შვიდჯერ შემოიტანეს და მაშინ საბაჟოზე პრობლემა არ შექმნიათ.

რატომ უთხრეს კომპანიას ტვირთის განბაჟებაზე უარი 

“მაჭახელმა” თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ტვირთი 23 აპრილს შემოიტანა, თუმცა საბაჟო დეპარტამენტმა ტვირთის განბაჟებაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ ნათია შარაშანიძემ უწყებას ოფიციალური წერილით მიმართა და მოითხოვა განემარტათ, რატომ შეფერხდა განბაჟების პროცესი.

საბაჟო დეპარტამენტმა კომპანიას მხოლოდ 8 მაისს გაუგზავნა საპასუხო წერილი, სადაც ტვირთის გაჩერებას შემდეგი მიზეზებით ხსნიდა:

  • ვინაიდან თურქული კომპანიის, “დერპლასტიკის” მიერ გაცემული “კვალიფიკაციის დეკლარაციის” მიხედვით, ინვოისით გათვალისწინებული საქონელი წარმოდგენს 40% hdpe (ანუ მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის) კომპონენტისგან და 60% ბიოლოგიური/განახლებადი ნედნეულისგან წარმოებულ პარკს, ჩაითვალა, რომ პროდუქცია ვერ აკმაყოფილებს ევროპული კომიტეტის  EN13432:2000 სტანდარტის მოთხოვნას. აღნიშნული სტანდატრის თანახმად, ნაწილობრივი ბიოლოგიური/განახლებადი ნედლეულის საფუძველზე წარმოებულად ითვლება პარკი, რომელშიც ორგანული კომპონენტის ჯამური წილი არ აღემატება 5%-ს;
  • იმპორტირებულ პარკზე დატანებული ნიშანდების მიხედვით ჩაითვალა, რომ ნიშანდება არ შეესაბამება “ტექნიკური რეგლამენტის – პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის N472 დადგენილების მოთხოვნებს. 

კომპანიის ინფორმაციით, შემოტანილ საქონელს თან ახლდა ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის პარკების მწარმოებელი თურქული კომპანიის, “დერ პლასტიკის” მიერ გაცემული “კვალიფიკაციის დეკლარაციით” გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლის თანახმადაც, შემოტანილ საქონელი წარმოადგენს 40% hdpe-ს, ანუ მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის კომპონენტისგან და 60% ბიოლოგიური/განახლებადი ნედლეულისგან წარმოებულ პარკს. ნათია შარაშენიძის თქმითვე, იმპორტირებულ პროდუქციას თან ახლდა პარკების მწარმოებელზე გაცემული სერტიფიკატიც. ამ სერტიფიკატით მწარმოებელს უფლება აქვს, სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის სტანდარტით EN 13432:2000-ის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკები აწარმოოს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბერში მიღებული დადგენილების თანახმად, ეს სერტიფიკატი სავალდებულოა საქართველოში ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის შემთხვევაში.

ამასთან, საქართველოში მოქმედი სტანდარტის თანახმად, ბიოდეგრადირებად პარკში ორგანული შემადგენელი ნაწილების სრული შემცველობა ბიოდაშლის დადგენის გარეშე არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

პარკების იმპორტიორ კომპანიაში აცხადებენ, რომ იმპორტირებული ბიოდეგრადირებული პარკის შემადგენლობაში პოლიეთილენის 40%-ში მხოლოდ 3%-ია ორგანული ნივთიერება, შესაბამისად, 5%-იანი სტანდარტის ზღვარი დაცულია.

კომპანიის ცნობითვე, საბაჟო დეპარტამენტში ასევე წარადგინეს “დერ პლასტიკის” მიერ გაცემული “კვალიფიკაციის დეკლარაციები”, რომლითაც, მათი თქმით, დასტურდება, რომ ბიოდეგრადირებული პარკის შემადგენლობაში პოლიეთილენის 40%-ში ორგანული ნივთიერება 3%-ს არ აღემატება.

რაც შეეხება ნიშანდების საკითხს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული წერილის საფუძველზე, “მაჭახელში” აცხადებენ, რომ ბიოდეგრადირებად პარკებზე არსებული ნიშანდება მთავრობის დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობაშია.

საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილება “მაჭახელმა” შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში გაასაჩივრა. დავების საბჭომ კომპანიის საჩივარი განუხილველად დატოვა და ეს გადაწყვეტილება შემდეგი მიზეზებით ახსნა:

კომპანიას საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილება წერილობით ეცნობა. ეს დავების საბჭომ ჩათვალა “ინფორმაციულ წერილად” და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის ბაზებში არ იყო დაფიქსირებული ანუ “მაჭახელის” საკითხზე უწყების ოფიციალური გადაწყვეტილება “არ არსებობდა”.

შემოსავლების სამსახურს არ ეთანხმება საქართველოს ბიზნეომბუდსმენის აპარატი და განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ ნათია შარაშენიძისთვის გაგზავნილი უარის წერილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და მთლიანად იზიარებს კომპანიის მოთხოვნებს.

“მაჭახელის” დირექტორის, ნათია შარაშანიძის თქმით, თუ საბაჟო დეპარტამენტის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილი წერილი “ინფორმაციული ხასიათის” იყო და უწყებას ტვირთის განბაჟებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება ბაზაში არ ჰქონდა დაფიქსირებული (შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებული), მაშინ უფრო გაუგებარია, ამდენი ხნის განმავლობაში ტვირთი რის საფუძველზე იყო გაჩერებული.

ამ კითხვით ნეტგაზეთმა შემოსავლების სამსახურსაც მიმართა, თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია. უწყებისგან წერილობით მიღებულ პასუხში მხოლოდ ტვირთის გაჩერების მიზეზებზეა საუბარი.

“მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების შესრულება და დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს გადაწყვეტილება კომპანიამ უკვე ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში გაასაჩივრა. დავების საბჭოს მიერ სექტემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, “მაჭახელის” საკითხის ხელახლა შესასწავლად ისევ საბაჟო დეპარტამენტს დაუბრუნდა. ანუ საბაჟო დეპარტამენტმა ხელახლა უნდა შეიწავლოს, აკმაყოფილებს თუ არა “მაჭახელის” მიერ შემოტანილი ტვირთი მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს.

ნეტგაზეთმა უწყებას ჰკითხა, რა ვადა სჭირდებათ “დოკუმენტების” შესასწავლად, შესაბამისად, კიდევ რამდენი ხანი უნდა იყოს ტვირთი გაჩერებული გაფორმების ზონაში. შემოსავლების სამსახურმა არც ამ კითხვაზე გვიპასუხა.

მიმდინარე დავაში ბიზნესომბუდსმენის აპარატიც ჩართულია. აპარატმა შუამდგომლობით მიმართა როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსს, ასევე, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭოს, რომელსაც უშუალოდ ფინანსთა მინისტრი ხელმძღვანელობს.

“ვიზიარებთ გადამხდელის პოზიციას და მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის – HDPE 40%-ში რამდენი პროცენტი იყო ორგანული ნივთიერების წვლილი”, – ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე წერს შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის გაგზავნილ წერილში.

ნეტგაზეთთან საუბრისას ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი დავით რუხაძე ამბობს, რომ კომპანიის უფლებები დარღვეულია.

“ვთვლით, რომ კომპანიას ყველა ის დოკუმენტი გააჩნია, რაც ბიოდეგრადირებადი პარკების განბაჟებისთვის არის საჭირო. მათ ასევე მოსთხოვეს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა, რაც კომპანიამ წარუდგინა. ეს დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, აქამდე ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული რატომ არ არის”, – ამბობს დავით რუხაძე.

კომპანიისთვის საბაჟოზე შექმნილი პრობლემის გამო პრემიერ გიორგი გახარიას წერილით მიმართა ქართველ-თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ.

მთავრობის მეთაურისთვის გაგზავნილ წერილში ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან თუმანი აღნიშნავს, რომ კომპანია ბაზარზე არსებული საკანონმდებლო ნორმების სრული დაცვით ახორციელებს ბიზნესსაქმიანობას და მას საგადასახადო პრობლემები ან დავალიანება არსადროს ჰქონია.

ასოციაცია პრემიერ-მინისტრს სთხოვს, პირადად დაინტერესდეს “მაჭახელის” საკითხით, რათა კომპანიას დროულად მიეცეს შესაძლებლობა, შეუფერხებლად გააგრძელოს საკუთარი საქმიანობა. მთავრობის ადმინისტრაციაში მხოლოდ წერილის მიღების ფაქტი დაგვიდასტურეს, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, მოახდენენ თუ არა რაიმე სახის რეაგირებას.

“დანაშაულებრივი სქემა” 

კომპანია “მაჭახელის” დირექტორი ნათია შარაშანიძე მათი ტვირთის საბაჟოზე გაჩერებას “დანაშაულებრივ სქემად” აფასებს, რომლის მიზანიც გარკვეული პირების მიერ სარგებელის მიღება იყო. მისივე თქმით, საბაჟო დეპარტამენტის უკანონო გადაწყვეტილებას მისი ზემდგომი უწყება, შემოსავლების სამსახური საკუთარი უმოქმედობით ხელს აფარებს. კითხვაზე, ვის სურდა კომპანიისგან “სარგებლის მიღება”, ნათია შარაშენიძე გვპასუხობს, რომ არ იცის და ამის დადგენა მისი კომპეტენცია არც არის. კომპანიის დირექტორს მიაჩნია, რომ თუ ტვირთი რეგლამენტის დარღვევით შემოიტანა, საბაჟო დეპარტამენტს განბაჟებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შესაბამის ბაზაში უნდა აეტვირთა.

“მაშინ რატომ არ ატვირთეს გადაწყვეტილება? ვაჭრობდნენ?! მაქვს გონივრული ეჭვი, რის გამოც ჩვენი ტვირთის გაჩერება მოხდა, უფლება მაქვს მქონდეს ეჭვი… მათი ეს ქმედება ორ მიზეზს ემსახურებოდა: პირველი მიზეზი ეს არის კომპანიის ბაზრიდან გაგდება, ხოლო მეორე მიზეზი სარგებლის მიღებაა”, – უთხრა ნეტგაზეტს შარაშანიძემ.

კითხვაზე, ვის შეიძლება ჰქონოდა სარგებლის მიღების სურვილი, ნათია შარაშენიძე პასუხობს:

“არ ვიცი, ვის სურდა სარგებლის მიღება. ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. უბრალოდ, ვამბობ, რომ მოხდა ასეთი ფაქტი, დანაშაულებრივი ფაქტი. თუ დარღვევით იყო პროდუქტი შემოსული, გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო ატვირთული [ბაზაში]. ჩვენთვის გამოგზავნილი წერილი თურმე გადაწყვეტილება არ ყოფილა. დავების საბჭომ მითხრა, რომ მხოლოდ ინფორმაციულ წერილს ასაჩივრებთო. გაოგნებული ვიყავი… რატომ ვარ გაჩერებული? მე, ჩვეულებრივმა კომპანიამ, რა ვიცი, საბაჟომ სისტემაში აიტვირთა თუ არა განბაჟებაზე უარის წერილი? მე ეს წერილი მივიღე გადაწყვეტილებად.”

30 ოქტომბრის მდომარეობით, შპს “მაჭახელის” ბიოდეგრადირებადი პარკები კვლავ საბაჟოზეა გაჩერებული. კომპანია ელოდება, საბაჟო დეპარტამენტი ხელახლა როდის განიხილავს საკითხს. თუ საბაჟო დეპარტამენტმა დაყოვნებული ტვირთი არ განაბაჟა, კომპანია სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი