ახალი ამბები

Facebook-ზე დეზინფორმაციულ კამპანიას ორგანიზებული სახე აქვს – ISFED

25 ოქტომბერი, 2019 • 1219
Facebook-ზე დეზინფორმაციულ კამპანიას ორგანიზებული სახე აქვს – ISFED

“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) ინფორმაციით, საპარლამენტო არჩვნებამდე თითქმის ერთი წლით ადრე ძალას იკრებს დეზინფორმაციის კამპანია, რომლის ერთ-ერთი სამიზნე სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები არიან.

ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიაში – “დეზინფორმაციის კოორდინირებული სქემა Facebook-ზე” – წერია, რომ ამ კამპანიის ორგანიზატორები წინასწარ დამუშავებულ დეზინფორმაციულ მესიჯებს იყენებენ, რომლის მიზანიც საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი რეაქციის გამოწვევაა. მეტიც, ერთ-ერთი ასეთი კამპანიის შესწავლის შემდეგ, “სამართლიან არჩევნებში” მიიჩნევენ, რომ დისკრედიტაციის კამპანიას ორგანიზებული სახე აქვს.

საუაბრია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის ანალიზზე, რომელიც კრიტიკულ მოსაზრებებს შეიცავდა 2020 წლის არჩევნების კონტექსტში პენსიებისა და სხვა საბიუჯეტო ხარჯვის შესახებ.

TI-ის მიერ ბიუჯეტის პროექტის შეფასებაზე ანონიმურ დისკრედიტაციულ გვერდებზე განთავსდა დეზინფორმაციული ფოტომანიპულაცია, რომლის თანახმადაც, თითქოს ეკა გიგაურმა პენსიონერებზე დამამცირებელი ფრაზა თქვა.

წყარო: ISFED

“აღნიშნული მანიპულაციური ფოტოს ორი ვერსია გამოქვეყნდა ერთმანეთთან დაკავშირებულ გვერდებზე – „ორი გვამი უნდათ“ და „იყავი და გაგეკეთებინა“. იმავე შინაარსის პოსტი დაიდო გვერდზე „პოლიტიკური სანაგვე“.

მოგვიანებით, გვერდებიდან „იყავი და გაგეკეთებინა“ და „პოლიტიკური სანაგვე“ პოსტები წაიშალა (წაშლის მიუხედავად, „სამართლიან არჩევნებს“ მონიტორინგის პროგრამის მეშვეობით კვლავ აქვს წაშლილ პოსტებზე წვდომა), სავარაუდოდ, კვალის წაშლის მიზნით, რათა არ გაჩენილიყო მათი მხრიდან „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ ეჭვი, რაც „ფეისბუქის“ სტანდარტით მკაცრად არის აკრძალული”, – ვკითხულობთ ISFED-ის სტატიაში.

“სამართლიანმა არჩევნებმა” ასევე შეისწავლა რამდენიმე ანონიმური Facebook გვერდი: „ორი გვამი უნდათ“, „იყავი და გაგეკეთებინა“, „პოლიტიკური სანაგვე“ და „პოლიტიკური იუმორი“. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ეს გვერდები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული არიან და ერთიანი გზავნილებით  ოპონენტებს თავს ესხმიან.

“ამ გვერდების ურთიერთკავშირს წარმოაჩენს მათთან დაკავშირებული Facebook ჯგუფების ანალიზი. კერძოდ, ეს ჯგუფებია – „win” და „ახალი ამბები“, რომელთაც, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, ჯამში, 439,854 გამომწერი ჰყავს. ამასთან, ორივე ჯგუფს უმეტესად ერთი და იგივე პროფილები და გვერდები უწევს ადმინისტრირებას.”

ადმინისტრატორების გარდა ამ ჯგუფებს შემდეგი საერთო მახასიათებლები აქვთ, რაც მათ ორგანიზებულობაზე და მაღალი ხარისხის კოორდინაციაზე მიუთითებს:

  • ანონიმურობა – ყველა გვერდი ანონიმურია, ანუ უცნობია, თუ ვინ მართავს ამ გვერდებს.
  • იდენტური პოსტები – გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტები შინაარსითაც და ვიზუალურადაც თითქმის იდენტურია და ერთიანი მესიჯ-ბოქსის გავრცელებას ისახავს მიზნად
  • დასპონსორება – გვერდები შერჩევითად, ერთდროულად ან მონაცვლეობით ასპონსორებენ პოსტებს.
  • პოსტების ერთდროულად გავრცელება – გვერდები ერთმანეთს თანმიმდევრობით, რამდენიმეწუთიანი ინტერვალით აქვეყნებენ ერთგვაროვანი შინაარსის პოსტებს, როგორც გვერდის ორიგინალ კონტენტს. (არ ხდება პოსტების გაზიარება გვერდებიდან, არამედ ვრცელდება როგორც ორიგინალი თითოეული გვერდის მიერ)

“გვერდებს შორის  კოორდინირებულ არაავთენტური ქცევის  ნათელ მაგალითს წარმოადგენს 2019 წლის 26-27 ივნისის აქტივობა, როდესაც აღნიშნულ გვერდებზე იდენტური პოსტები ფოტოების სახით განთავსდა.  ფოტოებზე აღბეჭდილია ოპოზიციური პარტების ლიდერების ფართო სპექტრი, რომელთაც თან ახლავს იარლიყი „დასაჭერია”,-ვკითულობთ ორგანიზაციის მიერ მომზადებულ სტატიაში.

„სამართლიანი არჩევნები“ Facebook-ს მიმართავს, გადაამოწმოს ეს გვერდები, ჯგუფები და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი ზომები გაატაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი