ახალი ამბები

„ოცნება“ ამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას – არასამთავრობოები

8 მაისი, 2023 • 825
„ოცნება“ ამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას – არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ცესკოს ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებას შეეხება. მათი შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ცვლილებები ცესკოს დამოუკიდებლობას ამცირებს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა 8 მაიისს პარლამენტში ბიუროზე დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ცესკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, პრეზიდენტის ნაცვლად საქართველოს პარლამენტი აირჩევს. არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობა კი არსებული 2/3-ის ნაცვლად უბრალო უმრავლესობამდე შემცირდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას.

საიას განცხადებით, ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი წესი, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ სულისკვეთებით იქნა მიღებული, ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურაზე შეთანხმებას. მათი თქმით, დარეგისტრირებული ცვლილებების შემდეგ უქმდება კონსენსუსის მისაღწევად პარტიებს შორის მოლაპარაკებების საჭიროება და უმრავლესობას უფლებამოსილება ეძლევა, ერთპიროვნულად დააკომპლექტოს ცესკო.

„გარდა ამისა, კომისიის დაკომპლექტების წესიდან პრეზიდენტის ჩამოშორებით საპარლამენტო უმრავლესობა კანონმდებლობას კვლავ არგებს საკუთარი პარტიის ინტერესებს. გასულ თვეებში ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურული სირთულეების გამო, მმართველმა პარტიამ ამჯერად გადაწყვიტა ამ პროცესში დამოუკიდებელი რგოლის, პრეზიდენტის ინიციატივის არსებითად გაუქმება და ის მხოლოდ იმ ნაწილში დატოვა, თუ პარლამენტი პირველ ჯერზე ვერ შეძლებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას.

ამის საწინააღმდეგოდ, საქართველო კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში. ხოლო ამ პირების თანამდებობაზე განწესების თაობაზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას არ საჭიროებს სწორედ იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე წარდგინების უფლებას კონსტიტუცია ცალსახად პრეზიდენტს ანიჭებს“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საიას განცხადებით, პარლამენტში დარეგისტრირებული ინიციატივით კი პრეზიდენტის არსებითი როლი ამ პროცესში იგნორირებულია.

„შარლ მიშელის“ დოკუმენტზე ხელმოწერით საპარლამენტო უმრავლესობამ შეთანხმების შესრულებისა და ამბიციური დემოკრატიული რეფორმების გატარების ვალდებულება აიღო, რაც არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ კეთილი ნება, არამედ მისი, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის, მოვალეობაა. ევროკავშირის 12- პუნქტიანი გეგმიდან მე-2 პუნქტი გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის ცესკოს, დამოუკიდებლობის გაზრდას. ინიცირებული ცვლილებებით კი კონსენსუსის საჭიროების გაქრობა საარჩევნო ადმინისტრაციის საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური ხელისუფლებისათვის დაქვემდებარებას უზრუნველყოფს, რაც ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, დაასუსტებს მათ“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საიას შეფასებით, ცესკოს დაკომპლექტების 2021 წელს მიღებული წესის უგულებელყოფით „ქართული ოცნება“ უარს აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რითაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს, ევროინტეგრაციის პროცესს და იმ მთავარ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებსაც საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა ეფუძნება.

„მმართველი პარტია კვლავ კანონმდებლობის ცვლილების გზას მიმართავს საკუთარი პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, პრეზიდენტისათვის ცესკოს დაკომპლექტებაში არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული როლის არსებითად შემცირება დამატებით ლეგიტიმურ კითხვებს წარმოშობს კონსტიტუციასთან მისი თავსებადობის თვალსაზრისითაც“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

  • არ დაამტკიცოს შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ “ქართული ოცნების” ვიწროპარტიულ ინტერესებს ემსახურება;
  • გაითვალისწინოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები, გადადგას ქმედითი და რეალური ნაბიჯები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება(ISFED) და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც(TI) მოუწოდებენ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს.

„წარმოდგენილი ცვლილებები უფრო მეტად შეამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და უკიდურესად დააკნინებს პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში. საარჩევნო ადმინისტრაციის კონსენსუსის წესით არჩევა, ასევე, მნიშვნელოვანი წინაპირობაა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტშიც. ამასთანავე, ინიციატივა სრულიად ეწინააღმდეგება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთს“, – ნათქვამია ISFED-ის და TI-ის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი