ახალი ამბები

„კატეგორიულად მიუღებელია“ — საპატრიარქო არქიმანდრიტ ფირცხალაშვილის ნათქვამზე

25 ოქტომბერი, 2019 • 4053
„კატეგორიულად მიუღებელია“ — საპატრიარქო არქიმანდრიტ ფირცხალაშვილის ნათქვამზე

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის მიერ საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის შესახებ ნათქვამთან დაკავშირებით — „რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“. საპატრიარქოს თანახმად, კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული.

„ვეხმაურებით აღიარებული მეცოსოპრანოს, ქ-ნ ანიტა რაჭველიშვილის მიერ facebook სივრცეში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც სასულიერო პირის, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმულ კომენტარს ეხება და რომელმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. 

კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი. მსგავსი გადაცდომების განხილვა ხდება შესაბამის კომისიაზე, ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ასევე, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილის შემოქმედების მიმართ, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს მსოფლიოს დიდ სცენაზე“, — წერია განცხადებაში.

წინა დღით არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი ქართველი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერას კრიტიკას ასე გამოეხმაურა:  „აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“. მოგვიანებით მან თქვა, რომ რაჭველიშვილი არ დაუწყევლია და ეს სიტყვები იმიტომ დაწერა, რომ მიეხვედრებინა, „რაც გააკეთა“ — „ზუსტად ისე ვუპასუხე, რომ მისთვის სიმები შემერხია, რომ მიმხვდარიყო, რაც გააკეთა“.

ფირცხალაშვილის გუშინდელი კომენტარი რაჭველიშვილის კრიტიკას მოჰყვა ბერას მისამართით, მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ამაზონის ტყის აღსადგენად 1.1 მილიონ აშშ დოლარს რიცხავს.

არქიმანდრიტმა მოგვიანებით თქვა, რომ თუ რაჭველიშვილი ბერას შესახებ პოსტის გამო ბოდიშს მოიხდის, ისიც მოიხდის ბოდიშს: „ანიტა რაჭველიშვილმა, აი, ამ პოსტის გამო უნდა ბოდიში მოიხადოს. და თუ ის მოიხდის ბოდიშს, აუცილებლად, მასაც და საზოგადოებას მე მოვუხდი ბოდიშს. ჩემი მთავარი მიზანი ეს იყო — მან ბოდიში მოიხადოს“.

ნახეთ ასევე:

70 დეპუტატი, კორძაია და სხვები – არქიმანდრიტ ბართლომეს წყევლა/შეტევის ადრესატები

მასალების გადაბეჭდვის წესი