ახალი ამბები

70 დეპუტატი, კორძაია და სხვები – არქიმანდრიტ ბართლომეს წყევლა/შეტევის ადრესატები

25 ოქტომბერი, 2019 • 3492
70 დეპუტატი, კორძაია და სხვები – არქიმანდრიტ ბართლომეს წყევლა/შეტევის ადრესატები

„აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“, — ასე გამოეხმაურა ფეისბუკზე არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი ქართველი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერას კრიტიკას. თუმცა როგორც ირკვევა ანიტა რაჭველიშვილი არ არის ერთადერთი ადამიანი, ვის მიმართაც სასულიერო პირი იწყევლება ან მსგავსი ტიპის “სურვილებით” გამოირჩევა.

მიხეილ სააკაშვილი

არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილს წარსულში საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰყავს დაწყევლილი. 2013 წლის ნოემბერში მან ფეისბუკზე დაწერა:

„წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგოს, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ“!

არქიმანდრიტმა დღეს ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ზუსტად ახსოვს ეს ტექსტი: „ზეპირად შემიძლია გითხრათ“. კითხვაზე, უარყოფს თუ არა, რომ მაშინ ნამდვილად დაწყევლა სააკაშვილი, მან უპასუხა:

„მე არ ვაქტიურობ მაშინ, როცა ქვეყანაში რამე ცუდი არ ხდება. მე ვარ ადამიანი, რომელიც დავდიოდი ციხეში, ვიცოდი, რა პრობლემები იყო. მე მგონი, მაშინ რელიგიის კანონთან დაკავშირებით იყო ჩემი ასეთი გულწრფელი რეაქცია გარკვეულ ქადაგებაზე, საზოგადოების აღშფოთებაზე… მე ვფიქრობ, რომ ისტორიულადაც, წყევლა არ მიემართება ადამიანის უბედურებას, ის ადამიანის გარკვეული საქციელისთვის უნდა იყო შემაკავებელი…

ამ წუთში, ამ ეტაპზე ვიმეორებ და ვადასტურებ, რომ ჩემი სიტყვები, რომელიც არ შეიცავდა კონკრეტულ სურვილს და არც წყევლას, იყო იმისთვის, რომ ეს ადამიანი [რაჭველიშვილი] მიხვედრილიყო, რომ არ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანზე თავდასხმის განხორციელება“.

2013 წელს წყევლის გამო მას საეკლესიო სასჯელი დაეკისრა. თუმცა საპატრიარქომ აღნიშნა, რომ მას ამოძრავებდა ეკლესიის და ქვეყნის დაცვის სურვილი, “მაგრამ, როგორც მღვდლობის ხარისხის მქონეს, არა აქვს უფლება, ეს განახორციელოს თვითნებურად, რაც სერიოზული დარღვევაა და ამის გამო დაედო ეპიტემია”.

70 დეპუტატი

მანამდე არქიმანდრიტს 70 დეპუტატი დაუწყევლია ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღებული კანონის გამო, რომელმაც რელიგიურ კონფესიებს იურიდიულ პირებად რეგისტრაციაში შეუწყო ხელი. პირველი რადიოს მიხედვით, სასულიერო პირს “ალიასთვის” განუცხადებია, რომ კანონის მიღების შემდეგ 70 პარლამენტარი დაწყევლა, თუმცა 2-3 თვის შემდე შენდობა მისცა.

„როცა საქართველოს პარლამენტმა რელიგიის შესახებ კანონი მიიღო და ყველა რელიგია გაუთანაბრეს ქრისტიანობას,  ჩემი გულწრფელი რეაქცია იყო, როცა ავდექი და დავწყევლე 70 დეპუტატი. თუმცა შემდეგ ჩავთვალე, რომ მათდამი პიროვნული ანგარიშსწორება არ მაქვს და  2-3 თვის მერე შენდობა მივეცი. ჩემთან მოვიდნენ მიშა მაჭავარიანი, გოგი ლიპარტელიანი და სოსო ქუთათელაძე. დღესაც ვთვლი, რომ ისინი შემცდრები არიან. ჩემს წყევლას ჰქონდა გამაფრთხილებელი და დამაფიქრებელი ხასიათი. მე მინდოდა მათ შეეგნოთ, რომ თანამდებობაზე და ფულზე მაღლა დგას ეკლესია. ცხადია, ამ გუნდში სააკაშვილიც მოიაზრებოდა, მაგრამ მე კონკრეტულად 70 დეპუტატი დავწყევლე. ჩემი სიცხარე გამოიწვია იმან, რომ ქართული ეკლესია არასდროს დევნიდა სხვა ეკლესიებს და ყოველთვის ტოლერანტულები  ვიყავით, მაგრამ ვის უნდოდა და რატომ სხვა რელიგიების პრიორიტეტულად წარმოჩენა, ეს იყო მთავრი“, –  აცხადებს „ალიასთან“ საუბარში არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი.

თამარ კორძაია

“ესე იგი კორ­ძა­ია და­უკ­რე­ფავ­ში გა­და­დის, გა­ვი­გე, უი, დედა, მა­გას გა­ჩე­ნის დღე ხომ არ უნდა და­ვა­ვი­წყო”, – ეს სტა­ტუსი ambebi.ge-ის ცნობით არ­ქი­მან­დრიტ­მა “ფე­ის­ბუქ­ზე” პოლიტიკოს თამარ კორძაიას მიუძღვნა, როდესაც ამ უკანასკნელმა საპატრიარქო გააკრიტიკა თვითმმართველობის რეფორმაზე გაკეთებული განცხადების გამო.

“ეს არის კარგი ფორმა იმისთვის, რომ ადამიანი გამოაფხიზლო”, – ასე განმარტავს ის თავის გამონათქვამებს დღეს ტვ პირველის ეთერში.

საკონსტიტუციოს მოსამართლეები

“საკონსტიტუციო სასამართლოს ვაი მოსამართლეებს დიდი ანათემა ელოდებათ”, – ეს განცხადება არქიმანდრიტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ გააკეთა, როდესაც მარიხუანის მოხმარებაზე სასჯელი გაუქმდა.

ამავე თემაზე

მე ვარ პიროვნება – არქიმანდრიტი კითხვაზე, რას ფიქრობს საპატრიარქო მის წყევლაზე

„რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“ — არქიმანდრიტი მომღერლის მიერ ბერას კრიტიკაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი