ახალი ამბები

რაც ამ წერილშია ნახსენები, ყველა ეს მანკიერება პროკურატურას აქვს – მაია მწარიაშვილი

23 ოქტომბერი, 2019 •
რაც ამ წერილშია ნახსენები, ყველა ეს მანკიერება პროკურატურას აქვს – მაია მწარიაშვილი

თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი ტვ “პირველთან“ ინტერვიუში ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება და ამბობს, რომ ყველა ის მანკიერება, რაც წერილშია ჩამოთვლილი, პროკურატურის სისტემისთვის მართლაც დამახასიათებელია.

სალომე ადეიშვილი ყოფილი პროკურორია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ფეისბუკ-პოსტში უწყება ნეპოტიზმში, სექსუალურ შევიწროებაში, შერჩევით სამართალში, უკანონი დავალებებსა და შრომითი უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ წერილი მისთვის მძიმე წასაკითხი იყო და მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ამასთანავე, მისთვის მიუღებელი იყო პროკურატურის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ წერილი “ჩვეულებირვ პროკურორს“ ეკუთვნის. მისთვის ეს შეფასება დისკრიმინაციულია.

“თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ეს “ჩვეულებრივი პროკურორი“ ძალიან კარგად წერს და კითხულობს. ცხადია, ძალიან კარგად აზროვნებს. დიპლომი, განათლება და კვალიფიკაცია რომ აქვს, ესეც ჩანს. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ რეჟიმისგან განსხვავებით, იმ რეჟიმის პროკურორი ასეთ “აღსარებას“ ვერ დაწერდა და ეს წინსვლა გვაქვს.

ჩემი დაკვირვებით, რაც წერილში ამ გოგომ დაწერა, ყველა მანკიერებას პროკურატურა ატარებს, ჩემდა სამწუხაროდ. გარდა, ვთქვათ, … ჩემი პერსონალური დამოკიდებულება მაქვს იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც მის სექსუალურ შევიწროებას ან ქალების შევიწროებას ეხება… თუ ასეთი იყო.  ასეთ რამ პროკურატურაში არ მინახავს, არ მსმენია და ამას რამე სისტემური სახე იქ არ აქვს. ეს შეიძლება იყო ინდივიდუალური შემთხვევა. ეს სისტემური მანკიერება არ არის პროკურტურის” ,- ამბობს მწარიაშვილი.

მისივე თქმით, ყველა ის მანკიერება, რაზეც სალომე ადეიშვილი წერილში საუბრობს, პროკურატურაში ნანმდვილად არის. თბილისის ყოფილი პროკურორი ასევე ამბობს, რომ 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მას სჯეროდა, რომ პროკურატურა გახდებოდა ის დაწესებულება, სადაც პრინიცპული და კვალიფიციური პროფესიონალები კომფორტულად იგრძნობდნენ თავს.

“ჩემდა სამწუხაროდ, და არამხოლოდ ჩემდა სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“ ,- განმარტავს მწარიაშვილი.

მწარიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 7 წელი გავიდა, პროკურატურა კი ისეთივე დაწესებულებად დარჩა, რომლის მიმართ ნდობა არ არსებობს. მისი თქმით, უწყებაში მეთოდები იგივე არ არის, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, მაგრამ პროკურატურის მანკიერება არ შეცვლილა.

თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი განმარტავს, რომ ზემოხსენებულის მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფოს არ ჰქონია და არც აქვს გრძელვადიანი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, პროკურატურა.

“უნდა დავეთანხმო იმ მოსაზრებას, რომ პროკურატურამ სხვა ტიპის სისტემური პრობლემები შეიძინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმ ტიპის პრობლემები, რამეთი უკეთესი ან მსუბუქი იყო. უბრალოდ, უწყებამ შეიძინა სხვა ტიპის პრობლემები, მათ შორის, კლანური მმართველობა.

ჩვენ სულ გვავიწყდება, რომ მხოლოდ სასამართლოში არ არის კლანური მმართველობა, კლანური მმართველობა არის პროკურატურაშიც და ეს “რიგითი პროკურორის“ როლი სრულიად იგნორირებულია პროკურატუაში, რიგითი პროკურორი არაფერს ნიშნავს, ესეც ამ კლანური მმართველობის პროდუქტია“, – ამბობს მაია მწარიაშვილი.

მწარიაშვილი ჰყვება, რომ კლანური მმართველობა პროკურატურაში ოთარ ფარცხალაძის მისვლის შემდეგ დაიწყო, მაშინ როდესაც “ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური უწყების დესანტირება მოხდა პროკურატურაში და ფინანსური პოლიციის თანამშრომლების ხელში აღმოჩნდა“.

“ჩემდა სამწუხაროდ, მინდა დაგიდასტუროთ, რომ სამწუხაროდ, ეს ასეა – ის კლანი, მმართველო კლანი, როგორც მართავდა პროკურატრას, ისე მართავსს დღესაც და იმ შემთხვევაშც, თუ თადუმაძის გადანაცვლება მოხდება სრულიად უკანონოდ უზენაეს სასამართლოში, შემდეგი კანდიდატიც იქნება ნომინალური და იმავე კლანის მიერ ნომინირებული ფიგურა. მმართველობა პროკურატურაში არ იცვლება. ამიტომ ყველა, ვინც არის ამ კლანის მიღმა, არის დაახლოებით იმ მდგომარეობაში, როგორც ახლა ის ახალგაზრდა გოგონა აღწერს თავის წერილში.

გარწმუნებთ, რომ ამაში გასაკვირი და გასაგიჟებელი არაფერი არის და დარწმუნებული ვარ, პროკურატურის სისტემაში არცერთ თანამშრომელს ეს არ გაუკვირდება. სხვა ამბავია, ისინი ამას ღიად დაადასტურებენ თუ არა“, – ამბობს მწარიაშვილი ტვ “პირველის“ ეთერში.

მწარიაშვილის თქმით, მისთვის ყველაზე საგანგაშო ამ წერილში ის ნაწილია, სადაც სალომე ადეიშვილი ამბობს, რომ სისტემას თანამშრომელი სძულს და სთხოვს მას ერთგულებას არა პროფესიის მიმართ, არამედ სისტემისადმი.

რაც შეეხება გამოძიებას, რომელიც პროკურატურის თქმით, სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ გენინსპექციამ დაიწყო, მწარიაშვილი ამბობს, რომ მას არ ენდობა.

“არაფერი, რა გითხრათ, ჩვეულბეირივ ბლა ბლა ბლაა ეს აბავი და ამაზე მეტ კომენტარს ამ ეტაპზე არ გავაკეთებ, სხვა დროს შეიძლება განვავრცო ეს თემა…

არაფერი, ჩვეულებრივი ტექსტია, რასაც სხვადასხვა დროს აქვეყნებენ ხოლმე. ეს ადამიანი ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე კი არ საუბრობს, სისტემის მანკიერებზე საუბრობს და პროკურატურა ამ შემთხვევაში მოიქცევა ისე, როგორც იქცევა და როგორც იცის. მოსთხოვენ, წარმოადგინე მტკიცებულებები – ყველა დაინტერესებულს, დაზარალალებულს სთხოვს, რომ წარმოადგინოს მტკიცებულება.

თუ მიიტანს გამზადებულ, გამოძიებულ საქმეს, ხომ კარგი – თუმცა იქიდანაც შეიძლება არ დადგეს შედეგი და თუ არ მიიტან, გეტყვი, პროკურატურა, რომ არ მოგიტანია მკტიცებულებები. ასე იძიებს უკანასკნელი რამდენიმე წელია საქმეებს“, – ამბობს ის.

მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ სახელმწიფოს საზრუნავია იცოდეს, თუ როგორი უნდა იყოს პროკურატურა და “არა, ვთქვათ, გენინსპექცია რაიმე ერთეულ დარღვევას აღმოაჩენს თუ არა, ეს ამ დონეზე დასაწევი თემა არაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი