რუსეთში მედიასაშუალება პირველად დააჯარიმეს ფეიკ ნიუსის გავრცელების საბაბით

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ შესაბამისი კანონის მიღების შემდეგ პირველად დააჯარიმა მედიასააშუალება ფეიკ ნიუსის გავრცელებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

როგორც დამოუკიდებელი რუსული გამოცემა “ნოვაია გაზეტა” იტყობინება, სასამართლომ 200 ათასი რუბლით (დაახლ. 9 ათასი ლარი) დააჯარიმა გამომცემლობა “მომენტ ისტინი”, ხოლო მისი რედაქტორი ევგენია გნუშევა – 60 ათასი რუბლით (2 766 ლარი).

“ნოვაია გაზეტას” ცნობით, მედიასაშუალებისა და მისი რედაქტორის დაჯარიმების საფუძველი გახდა 2019 წლის მარტში პუტინის ხელმოწერილი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ფეიკ ნიუსებთან, იგივე ცრუ ახალ ამბებთან ბრძოლას.

როგორც “ნოვაია გაზეტა” წერს, პროკურატურამ სასამართლოს ჯერ კიდევ აგვისტოში მიმართა და “მომენტ ისტინის” იუთუბ არხზე განთავსებული რამდენიმე ვიდეოს წაშლა მოითხოვა, მათ შორის ერთ-ერთს ერქვა: “სასწრაფოდ! რუსეთში მზადდება მაიდნის რევოლუცია”. აღნიშნული ვიდეოს ავტორი ანდრეი კარაულოვი იყო და რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმიანებოდა. ის პარალელს ავლებდა უკრაინაში 2014 წელს განვითარებულ მაიდნის მოვლენებთან, რის შედეგადაც ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება შეიცვალა.

“მაიდანი კიევში სწორედ ასე დაიწყო, იანუკოვიჩი ვერაფერს ვერ ხედავდა… დროა, ხელისუფლებამ სხვაგვარად იფიქროს” – როგორც “ნოვაია გაზეტა” წერს, ვიდეოს ასე ამთავრებდა მისი ავტორი. ამ დროისათვის აღნიშნული ვიდეო წაშლილია.

სასაამრთლო პროცესზე არ გამოცხადებულან დაჯარიმებული რედაქციის წარმომადგენლები, თუმცა, მათივე განცხადებით, ანდრეი კარაულოვი მათთან უკვე აღარ მუშაობს.

რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ ფეიკ ნიუსებთან ბრძოლის საბაბით მიღებულ კანონს კრემლი სწორედ კრიტიკული, მისთვის არასასურველი აზრის ჩასახშობად გამოიყენებდა და ეს იქნებოდა კიდევ ერთი, დამატებითი ბერკეტი დამოუკიდებელ მედიასთან საბრძოლველად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.