ხართ თუ არა სამართლის მაგისტრი? – ამ კითხვით მიმართა “ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს, რომლის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება, სახალხო დამცველის თანახმად, ვერ აკმაყოფილებს “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონით დადგენილ მოთხოვნას, ვინაიდან მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ფლობს საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირებაში და არა სამართალში.
ზაზა თავაძის დიპლომის შესაბამისობაზე სახალხო დამცველის პოზიცია
ზაზა თავაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისადმი წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია. ოფიციალური დოკუმენტაციით ცალსახად დასტურდება, რომ ზაზა თავაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება ვერ აკმაყოფილებს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნას. ზაზა თავაძე საქართველოს ღია ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1992-1996 წლებში სწავლობდა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2017 წლის 7 აგვისტოს გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში29 ხაზგასმით არის მითითებული, რომ აღნიშნული განათლება უთანაბრდება ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. კერძოდ, აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად, „[…] ზაზა თავაძის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა 4 (ოთხი) წელს. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტიდან გამომდინარე, ზაზა თავაძის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.“ ვინაიდან იმავე დოკუმენტის მიხედვით, მას აქვს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დამაზუსტებელი წერილით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. მიღებული პასუხის მიხედვით, დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება უკავშირდებოდა ზაზა თავაძის მიერ მაგისტრის აკადემიური ხარისხის ფლობას საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირებაში. მიღებული პასუხის მიხედვით, „მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეზღუდვას სამართლის სადოქტორო პროგრამაზე დაშვებასთან დაკავშირებით (გარდა ნებისმიერი მიმართულების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოთხოვნისა) […]“ ცენტრმა მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, „დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.“
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ზაზა თავაძემ წარმოადგინა ცნობა, რომ სწავლას აგრძელებს დოქტორანტურაში, თუმცა ამ დროისათვის დოქტორის ხარისხი მას მინიჭებული არა აქვს. შესაბამისად, მოცემულ მომენტში ზაზა თავაძის უმაღლესი იურიდიული განათლება შემოიფარგლება მხოლოდ ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, რაც ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეებისათვის დადგენილ მოთხოვნას უმაღლესი იურიდიული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხით ფლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, არათუ პარლამენტისათვის არ უნდა წარედგინა მისი კანდიდატურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, არამედ არც უნდა დაერეგისტრირებინა კანდიდატად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში.
“დიახ [ვარ სამართლის მაგისტრი], იმიტომ, რომ “განათლების შესახებ” კანონის ცალკეული მუხლების ამოკითხვის საფუძველზე მივალთ იმ დასკვნამდე, რომ მე მაქვს მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი… დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება შეუძლია მხოლოდ მაგისტრს ან მაგისტრთან გათანაბრებულ პირს. 2006 წელს მიღებულ იქნა ახალი კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, რომლითაც 2006 წლამდე ერთსაფეხურიან (4-წლიანი და 5-წლიანი) განათლებამიღებულ კურსდამთავრებულებს მიენიჭათ შესაბამისი განათლების ხარისხი”, – განაცხადა ზაზა თავაძემ.
ზაზა თავაძე ამჟამად სწავლობს დოქტორანტურაში სამართლის მიმართულებით იმავე უნივერსიტეტში, რომელშიც მოწვეული ლექტორის სტატუსით ლექციებს კითხულობს, ხოლო სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი მერაბ ტურავაა, მისი კოლეგა საკონსტიტუციო სასამართლოში.
ირაკლი აბესაძემ მას ჰკითხა, ქიმიის მაგისტრი შეიძლება თუ არა აღმოჩნდეს ჟურნალისტიკის დოქტორი? აბესაძემ ასევე წაიკითხა იმ საგნების სია, რომლებსაც თავაძე მაგისტრატურაში გადიოდა და არცერთი მათგანი არ იყო შემხებლობაში სამართალთან.
“არცერთი საგანი არ გისწავლოათ სამართალთან შემხებლობაში. ჩვენი დღეს მოქმედი კანონი ბიზნესის დარგში მაგისტრს განიჭებდათ უფლებას, სამართლის დარგში გახდეთ დოქტურანტურის წევრი, მაგრამ ჩვენი კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, ჩვენი კონსტიტუცია ამის საშუალებას არ გაძლევთ. როცა იქნებით [სამართლის] დოქტორი, შემდეგ მობრძანდით და შემდგომ მიიღეთ მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატაობაში. დღეს თქვენ მინიმალურ და ფორმალურ საკვალიფიკაციო მონაცემსაც ვერ აკმაყოფილებთ. უბრალოდ, არც მაგისტრის დიპლომი გაქვთ და არც შესაბამისი ანალიზი გაძლევთ ამის თქმის საშაულებას”, – მიმართა აბესაძემ თავაძეს.
ამ თემაზე:
ომბუდსმენი მოსამართლეობის 3 კანდიდატის დიპლომის კანონთან შესაბამისობას აყენებს ეჭვქვეშ