ახალი ამბები

დიმიტრი გვრიტიშვილმა კანდიდატურა მოხსნა

20 ივლისი, 2021 • 1567
დიმიტრი გვრიტიშვილმა კანდიდატურა მოხსნა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა.

ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს, თუმცა მიზეზები არ განმარტეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის რანგში დიმიტრი გვრიტიშვილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება პირველ ივლისს ჰქონდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ ეტაპზე გვრიტიშვილის ნაცვლად გენადი მაკარიძე გადავიდა.

გვრიტიშვილი ერთ-ერთი იყო 2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ, უზენაესი სასამართლოს კანდიდატების 10-კაციან სიაში, რომელმაც ფართო საზოგადოებრივი დისკუსია, პროტესტი, “ქართული ოცნებიდან” დეპუტატების წასვლა და საბოლოოდ, მოსამართლეთა არჩევის წესის ცვლილება გამოიწვია.

დიმიტრი გვრიტიშვილის და მისი მცდელობების შესახებ, გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გთავაზობთ სტატიას “ნეტგაზეთის” არქივიდან:

მოსამართლე გვრიტიშვილის სამართალი

მასალების გადაბეჭდვის წესი