ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს შეფასებით, მოსამართლეების დანიშვნით პარლამენტმა არ შეასრულა მიშელის შეთანხმება

15 ივლისი, 2021 • 1114
აშშ-ის საელჩოს შეფასებით, მოსამართლეების დანიშვნით პარლამენტმა არ შეასრულა მიშელის შეთანხმება

საქართველოში აშშ-ის საელჩოს შეფასებით, მიუხედავად საქართველოს პოლიტიკურ ლიდერთა 19 აპრილის მკაფიო შეთანხმებისა, „თავი შეიკავონ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით მოსამართლეთა დანიშვნისგან“, პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით უაღრესად გულდასაწყვეტია.

“სამწუხაროა, რომ ამ წარდგენისა და დანიშვნის პროცესით, ინკლუზიური და ფართო სასამართლო რეფორმის განუხორციელებლობით, ვერ შესრულდა საქართველოს ლიდერების, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება. პარტიები შეთანხმდნენ ამბიციური სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე ფართო და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით, სამართლის ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით.

ცალმხრივი საკანონმდებლო ცვლილებები, მიღებული საერთაშორისო პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 19 აპრილის შეთანხმებაზე, არ შეესაბამება ამ შეთანხმების შინაარსსა და სულისკვეთებას. განსაკუთრებით, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში აპრილის დასაწყისში შესული ცვლილები, რომელმაც სრულად ვერ ასახა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მათ შორის, მთავარი რეკომენდაცია მოსამართლეთა დანიშვნების გადავადებასთან დაკავშირებით”, — ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეფასებით, ფართო და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე დანიშვნის არშეჩერებას რეალური შედეგები აქვს.

“სამართლის ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პარლამენტის ხარვეზიანმა პროცესმა ვერ უზრუნველყო ყველაზე კვალიფიციური კანდიდატების დაწინაურება, შედეგად კი, ნაკლებად კვალიფიციური კანდიდატები უვადოდ დაინიშნენ სასამართლოში. როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) 9 ივლისის ანგარიშშია აღნიშნული, „კანდიდატების წარდგენა განხორციელდა გარემოში, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოების ნდობა მწირია” და „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული შერჩევის, მოკვლევისა და ინტერვიუების პროცესი ვერ პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს“.

აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო, პარლამენტს შეეჩერებინა დანიშვნის პროცესი ინკლუზიური, ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელების მიზნით, რომელშიც ასახული იქნებოდა სამართლის ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მოსაზრებები. პარლამენტს ჰქონდა ამგვარი მოქმედების უფლებამოსილება და დანიშვნების შეჩერება არ გამოიწვევდა სასამართლო სისტემის ზედმეტ გადატვირთვას. შესაბამისად, ამგვარად არმოქცევის გადაწყვეტილება ძალიან შემაშფოთებელია და წარმოადგენს მნიშვნელოვან დაკარგულ შესაძლებლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით”, — ნათქვამია განცხადებაში.

შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელოს პარლამენტისა და ქართველის ხალხის მხარდაჭერა საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის დამაჯერებელ ძალისხმევაში.

12 ივლისს საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა 6 მოსამართლე: რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ლაშა ქოჩიაშვილი, ლევან თევზაძე, გიორგი გოგიაშვილი და გოჩა აბუსერიძე.

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატთან გასაუბრება 6 ივლისიდან დაიწყო. სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე. 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, “უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა”. თუმცა “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული აქვს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს არ შეაჩერებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი