ახალი ამბები

ომბუდსმენი მოსამართლეობის 3 კანდიდატის დიპლომის კანონთან შესაბამისობას აყენებს ეჭვქვეშ

8 ოქტომბერი, 2019 • 2162
ომბუდსმენი მოსამართლეობის 3 კანდიდატის დიპლომის კანონთან შესაბამისობას აყენებს ეჭვქვეშ

სახალხო დამცველის აპარატი პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატის დიპლომის დაწესებულ მოთხოვნასთან შესაბამისობას აყენებს ეჭვქვეშ. მათ შორის ერთ-ერთი ამჟამინდელი გენპროკურორი შალვა თადუმაძეა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს.

კანონმდებელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად არ მოიაზრებს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს და მოითხოვს უმაღლესი იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით ქონას. აღნიშნულ საკანონმდებლო მოთხოვნასთან პირის შესაბამისობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პროცესის საწყის ეტაპზევე უნდა დაედგინა და ისე დაერეგისტრირებინა კანდიდატად. ამის მიუხედავად, როგორც სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშშია აღნიშული, აღმოჩდა, რომ 50 კანდიდატისაგან შემდგარ სიაშიც და პარლამენტისათვის წარდგენილ კანდიდატებს შორისაც არიან პირები, რომელთა მიერ უმაღლესი იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ხარისხით ქონა სათანადოდ არ არის დადასტურებული, ან სერიოზულ კითხვებს წარმოშობს.

“კერძოდ, ამ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატმა 50 კანდიდატისაგან შემდგარ სიაში გამოკვეთა 5 ასეთი კანდიდატი. მათგან 3 კანდიდატი (ზაზა თავაძე, შალვა თადუმაძე, მირანდა ერემაძე) პარლამენტისათვის წარდგენილ პირთა შორის ფიგურირებს. ზაზა თავაძის შემთხვევაში კანდიდატის მიერ შერჩევის პროცესში წარდგენილი და ჩვენ მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტაციით ცალსახად დასტურდება, რომ მის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება ვერ აკმაყოფილებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნას. შალვა თადუმაძის შემთხვევაში, თავად კანდიდატის მიერ შერჩევის პროცესში წარმოდგენილი და ასევე სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული დოკუმენტაცია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას შეიცავს და აჩენს სერიოზულ კითხვებს მის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების თაობაზე. მირანდა ერემაძის შემთხვევაში კი იკვეთება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე (რომლის დასაბუთებაც სახალხო დამცველის მიერ კრიტიკულად არის შეფასებული), 1991-1995 წლებში ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში 4-წლიანი სწავლების შედეგად, მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ერთდროულად ორივე პროფესიაში, როგორც იურისტსა და როგორც ეკონომისტს, რაც წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონთან და საგანმანათლებლო სისტემის ძირითად პრინციპებთან”, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ზაზა თავაძის ნაწილში ომბუდსმენის პოზიცია ვრცლად

ზაზა თავაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისადმი წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია. ოფიციალური დოკუმენტაციით ცალსახად დასტურდება, რომ ზაზა თავაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება ვერ აკმაყოფილებს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნას. ზაზა თავაძე საქართველოს ღია ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1992-1996 წლებში სწავლობდა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2017 წლის 7 აგვისტოს გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში29 ხაზგასმით არის მითითებული, რომ აღნიშნული განათლება უთანაბრდება ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. კერძოდ, აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად, „[…] ზაზა თავაძის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა 4 (ოთხი) წელს. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტიდან გამომდინარე, 30 ზაზა თავაძის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.“ ვინაიდან იმავე დოკუმენტის მიხედვით, მას აქვს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დამაზუსტებელი წერილით31 მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. მიღებული პასუხის მიხედვით,32 დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება უკავშირდებოდა ზაზა თავაძის მიერ მაგისტრის აკადემიური ხარისხის ფლობას საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირებაში. მიღებული პასუხის მიხედვით, „მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეზღუდვას სამართლის სადოქტორო პროგრამაზე დაშვებასთან დაკავშირებით (გარდა ნებისმიერი მიმართულების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოთხოვნისა) […]“ ცენტრმა მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, „დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.“

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ზაზა თავაძის მიერ წარმოდგენილ იქნა ცნობა, რომ ის სწავლას აგრძელებს დოქტორანტურაში, თუმცა ამ დროისათვის დოქტორის ხარისხი მას მინიჭებული არა აქვს. შესაბამისად, მოცემულ მომენტში ზაზა თავაძის უმაღლესი იურიდიული განათლება შემოიფარგლება მხოლოდ ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, რაც ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეებისათვის დადგენილ მოთხოვნას უმაღლესი იურიდიული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხით ფლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, არათუ პარლამენტისათვის არ უნდა წარედგინა მისი კანდიდატურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, არამედ არც უნდა დაერეგისტრირებინა ის კანდიდატად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში.

შალვა თადუმაძის ნაწილში სახალხო დამცველის პოზიცია ვრცლად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიმდინარე პროცესში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს შალვა თადუმაძის კანდიდატურაც წარუდგინა. შალვა თადუმაძის უმაღლესი იურიდიული განათლება შემოიფარგლება ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში სწავლით. აღნიშნული დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძე ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს და 1998 წელს დაამთავრა ის. მას მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია. შალვა თადუმაძის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში წარმოდგენილ განცხადებაში მითითებულია, რომ ის აღნიშნულ სასწავლებელში სწავლობდა 1994 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის ივნისამდე და იქვე მითითებული აქვს, რომ სწავლის ხანგრძლივობა შეადგენდა 5 წელს. თუმცა 1994 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის ივნისამდე პერიოდი 4 წელს მოიცავს. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ „1999 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი […]“.

სახალხო დამცველის აპარატის წერილის პასუხად სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, „საქართველოს განათლების სამინისტრომ 1994 წლის 25 აგვისტოს შპს თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტზე (შემდგომში ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი) გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის #01-17-08/839 ლიცენზია. აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში, დაწესებულებას უფლება მიეცა განეხორციელებინა რიგი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის, სამართალმცოდნეობის პროგრამა. ამასთან, საარქივო მასალებში დაცულია თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის მხოლოდ 1997-1998 სასწავლო წლის სასწავლო სამუშაო გეგმა. აღნიშული სასწავლო სამუშაო გეგმა დამტკიცებულია თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის რექტორის მიერ და მოიცავს 4 (ოთხ) კურსს. ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, შპს თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული დაწესებულება წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.“

თავად კანდიდატის მიერ შერჩევის პროცესში წარმოდგენილი და ასევე სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული დოკუმენტაცია აჩენს სერიოზულ კითხვებს შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების თაობაზე. კერძოდ: 1. დიპლომში მითითებულია, რომ ის ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წლის 25 აგვისტოს მიიღო. 1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო. 35 3. დიპლომში საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას ეწოდა ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს. საარქივო მასალებში დაცულია თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის მხოლოდ 1997-1998 სასწავლო წლის სასწავლო სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს 4 (ოთხ) კურსს.

ზემოაღნიშნული გარემოებები აჩენს კითხვებს შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობის თაობაზე, რომელიც მოსამართლედ განწესების წინაპირობად მიიჩნევს უმაღლეს იურიდიულ განათლებას მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით. აღნიშნული გარემოებები უნდა გამხდარიყო მსჯელობის საგანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სანამ აღნიშნული ორგანო მიიღებდა გადაწყვეტილებას შალვა თადუმაძის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, რასაც ადგილი არ ჰქონია.

მირანდა ერემაძის ნაწილში სახალხო დამცველის პოზიცია ვრლაც

მირანდა ერემაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია. ის უმაღლეს იურიდიულ განათლებას მხოლოდ 4 წლის განმავლობაში ეუფლებოდა. ამის მიუხედავად, 2016 წელს ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ განწესდა 3 წლის ვადით, 36. ხოლო 2017 წელს- უვადოდ. 37. მირანდა ერემაძესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული მასალებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების შესწავლამ ძალიან სერიოზული პრობლემები გამოავლინა.

მირანდა ერემაძე მოსამართლედ თავდაპირველად 2006 წლის 29 აგვისტოს განწესდა, 10 წლის ვადით. ამ პერიოდში მოქმედი კანონი მოსამართლეების განწესების წინაპირობად მიიჩნევდა მხოლოდ უმაღლეს იურიდიულ განათლებას და არა კონკრეტულად მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ქონას. მსგავსი მოთხოვნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2013 წლის 1 ნოემბრის ცვლილებებით იქნა შემოღებული, რომელიც 2013 წლის 17 ნოემბერს ამოქმედდა. შესაბამისად, 2013 წლის 17 ნოემბრის შემდეგ მოსამართლის დანიშვნა/არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მის მიერ უმაღლესი იურიდიული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ფლობის შემთხვევაში.

მირანდა ერემაძის უმაღლესი იურიდიული განათლება შემოიფარგლება მხოლოდ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში 4-წლიანი სწავლებით, რა დროსაც მას ერთდროულად მიენიჭა იურისტისა და ეკონომისტის კვალიფიკაცია. სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ბოლო წელს მოსამართლემ განათლების მიღების ფაქტის დადასტურებასთან ერთად მისი დიპლომის მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების დადასტურება მოითხოვა. 38. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და უარყოფითი გადაწყვეტილება 2015 წლის 7 სექტემბერს მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლომ მირანდა ერემაძის სასარგებლოდ გადაწყვეტილება 2015 წლის 7 დეკემბერს გამოიტანა, ბათილად ცნო 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება და ცენტრს მირანდა ერემაძის მაგისტრის საფეხურთან გათანაბრებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტარციული აქტის გამოცემა დაავალა. 2016 წლის 19 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. 2016 წლის 18 მაისს უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი, ხოლო 25 მაისს, 7 კალენდარულ დღეში, აღნიშნული საჩივარი ცნო დაუშვებლად. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა არცერთი საფუძველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის, 45 .„მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს – წარმატების პერსპექტივა“. აღნიშნული გარემოებები ნათელს ხდის, რომ სასამართლოს გადატვირთულობისა და მისი მხრიდან საპროცესო ვადების სისტემატურად დარღვევის ფონზე, სამივე ინსტანციის სასამართლო საკმაოდ დროულად და შეიძლება ითქვას, რომ უჩვეულოდ სწრაფადაც იღებდა გადაწყვეტილებებს მოსამართლე მირანდა ერემაძის იმ საქმეზე, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოსამართლედ მისი ხელახლა დანიშვნისათვის. სადავო აქტის გამოცემიდან დაახლოებით 8 თვეში საქმემ სასამართლოს სამივე ინსტანცია მოიარა და საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული.

კრიტიკას ვერ უძლებს მირანდა ერემაძის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების შინაარსი. დაუსაბუთებლობის გამო ის სრულ წინააღმდეგობაშია კანონთან და სრულიად უსამართლოა. სასამართლომ საერთოდ უარი თქვა მირანდა ერემაძის საქმეში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის გამოყენებაზე, რომლის მიხედვითაც „2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005- 2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.“ სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენება წინააღმდეგობაში იქნებოდა კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპთან. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის ციტირებული ბევრი ნორმა მოქმედი კანონმდებლობიდან, მათ შორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განმარტება, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის კომპეტენციები სრულად და ა.შ., უკუძალის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს არცერთი ნორმა არ აქვს მოხმობილი, იმის მიუხედავად, რომ ეს იყო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი სამართლებრივი დასაბუთება. უკუძალის პრინციპზე მსჯელობისას, სასამართლო საკანონმდებლო საფუძვლის არმქონე მსჯელობებს ავითარებს და წერს: „სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონს არ აქვს უკუძალა. ამ წესიდან გამონაკლისი გათვალისწინებული უნდა იყოს თვითონ კანონში. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას.“ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმის ციტირება განსხვავებულ რეგულაციას ადგენს. ნორმატიული აქტის უკუძალას შეეხება აღნიშნული კანონის 24-ე მუხლი, რომელიც სულ ორი პუნქტისაგან შედგება. პირველი პუნქტის მიხედვით, „ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით”, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, „ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.“ ცალსახაა, რომ კანონი ნორმატიული აქტის უკუძალას კრძალავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 ნაწილი კი, ბუნებრივია, არც ადგენდა რაიმე პასუხისმგებლობას და არც ამძიმებდა მას. მეორე ძირითადი არგუმენტი, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო, იყო ის, რომ მირანდა ერემაძეს გააჩნდა კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სრულიად აბსურდულია ამ ნაწილში სასამართლოს მიერ მოყვანილი მსჯელობა და გაკეთებული დასკვნები. კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ სამართალში უკავშირდება კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის დაუშვებლობას გარკვეულ შემთხვევებში, 50. რასაც საერთოდ არ ჰქონია ადგილი წინამდებარე საქმეში და არავის უცვნია ბათილად მირანდა ერემაძის სახელზე გაცემული დიპლომი.

საქართველო 2005 წლიდან შეუერთდა ბოლონიის პროცესს. ამ პერიოდიდან შემოღებულ იქნა უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სისტემა, რომელიც ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურას მოიცავს. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებით51 მოწესრიგდა რეფორმამდე მიღებული უმაღლესი განათლების შესაბამისობა ახალ სისტემასთან და მიეთითა, რომ მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებულია 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი. 2005 წლამდე ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში საერთოდ არ არსებობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 1991-1995 წლებში ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში 4-წლიანი სწავლების შედეგად, მირანდა ერემაძეს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ერთდროულად ორივე პროფესიაში, როგორც იურისტსა და როგორც ეკონომისტს, რაც წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონთან და საგანმანათლებლო სისტემის ძირითად პრინციპებთან.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი