ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლო: ჰოლოკოსტის უარყოფა სიტყვის თავისუფლებით არაა დაცული

4 ოქტომბერი, 2019 •
სტრასბურგის სასამართლო: ჰოლოკოსტის უარყოფა სიტყვის თავისუფლებით არაა დაცული

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ ჰოლოკოსტის უარყოფა არ არის სიტყვის თავისუფლებით/ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული.

ეს გადაწყვეტილება გერმანიის მოქალაქის, უდო პასტურსის საქმის განხილვას მოჰყვა. პასტურსმა, რომელიც იმ დროს გერმანიის ერთ-ერთი მხარის, ლანდტაგის (ადგილობრივი პარლამენტის) წევრი იყო, 2010 წლის 28 იანვარს — ჰოლოკოსტის მოგონების დღეს — სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ეგრეთ წოდებულ ჰოლოკოსტს პოლიტიკური და კომერციული მიზნებისთვის იყენებენ“.

მისი განცხადებით, ჰოლოკოსტი არასოდეს მომხდარა და ამ თემაზე საუბრისას ახსენა „პროპაგანდისტული ტყუილები“.

ამ განცხადების გამო 2012 წლის აგვისტოში ადგილობრივმა სასამართლომ ის გაამტყუნა „ებრაელი ხალხის მიზანმიმართულ დეფამაციისა და გარდაცვლილთა ხსოვნის შეურაცხყოფისთვის“. 2013 წლის მარტში ზემდგომმა სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ზედმგომმა სასამართლომ სრულად განიხილა მისი 2010 წლის სიტყვა და დაადგინა, რომ პასტურსს გამოყენებული ჰქონდა ტერმინები, რასაც მესამე რაიხის მიერ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ებრაელი ხალხის სისტემური, რასობრივად მოტივირებული მასობრივი განადგურების უარსაყოფად იყენებენ. სასამართლომ მაშინ განაცხადა, რომ პასტურსს არ შეეძლო, გამოხატვის თავისუფლების უფლებით ესარგებლა ჰოლოკოსტის უარყოფისას.

საბოლოოდ, პასტურსმა საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღო, სადაც გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევაზე მიუთითებდა, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს უფლებების დარღვევა არ დაუდგენია.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ აპლიკანტმა გამიზნულად იცრუა ებრაელი ხალხის დეფამაციის მიზნით და „ასეთი განცხადებები ვერ იქნება დაცული სიტყვის თავისუფლებით, რასაც კონვენცია [სხვა შემთხვევებში] აკეთებს, რადგან ეს თავად კონვენციის ღირებულებებს ეწინააღმდეგება“. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არ დადგინდა აპლიკანტის უფლების დარღვევა.

მოსამართლეთა იმ 8-წევრიან კოლეგიაში, რომელმაც სტრასბურგში ეს საჩივარი განიხილა, ქართველი მოსამართლე, ლადო ჭანტურიაც იყო. ამ გადაწყვეტილებას მანაც დაუჭირა მხარი. განსხვავებული აზრი ორმა მოსამართლემ დაწერა.

გამოცემა „ბლუმბერგის“ თანახმად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ანტისემიტიზმი ევროპაში კვლავ მძლავრობს: მაგალითად, საფრანგეთში გასულ წელს 74%-ით გაიზარდა რაოდენობა ისეთი დანაშაულებისა. გერმანიაში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონმდებლობაა სიძულვილის ენის წინააღმდეგ, ანტისემიტური დანაშაულები 10%-ით გაიზარდა.

ჰოლოკოსტი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მოკავშირეების მიერ ებრაელების სისტემური, მასობრივი გენოციდია, რისი მიზანიც ებრაელი ერის განადგურება იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი