ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ მურღულიამ თანამდებობა დატოვა.
“მინდა იმ ადამიანებს, ვინც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩემი საქმიანობის შესახებ მეკითხებოდა, ვუთხრა – მიმდინარე წლის 27 ივლისს მივმართე განათლების მინისტრს, რომ მომხდარიყო აკადემიური რექტორის კანდიდატურაზე ჩამოყალიბება. მას შემდეგ, რაც ეს პროცესი წარმატებით დასრულდა და გადაწყდა, რომ ამ ფუნქციას ნამდვილად კარგი მეცნიერი ალეკო თევზაძე შეასრულებს, სექტემბერში კიდევ ერთხელ მივმართე 1-ელი ოქტომბრიდან გადადგომის შესახებ”, – წერს მურღულია სოციალურ ქსელ Facebook-ში.
მისი თქმით, პირველი ოქტომბერი კარგი დღეა პარადიგმის ცვლილებისთვის.
“2012-ში, ამ დღის შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანს მიეცა საშუალება, ცხოვრება პრაქტიკულად თავიდან დაეწყო. ვინ გამოიყენა და ვინ არა, ეს რთული, მაგრამ მაინც მეორე საკითხია. 2019-ის პირველი ოქტომბერი პირადად ჩემთვის ასევე მნიშვნელოვან დღედ დარჩება – პარადიგმის კიდევ ერთ ცვლილებად. ვფიქრობ, რომ ძველ ფორმატში ნაკლებად დარჩა ჩემთვის საინტერესო მიზნები და ამოცანები, ამიტომ გადავწყვიტე ახალი ფორმატის შექმნა”, – წერს მურღულია.
მისი თქმით, ახალ ფორმატში საშუალება ექნება, მეტი ყურადღება დაუთმოს ოჯახს; გააგრძელოს მისი ოცნების პროექტი, რომელსაც Develometrics ჰქვია; იმუშაოს საუკეთესო მმართველობის იმ საკითხებზე, რომლებიც ყურადღების მიღმა დარჩა საჯარო სამსახურში ყოფნისას; ყურადღება დაუთმოს მნიშნელოვან პრობლემას – სახელმწიფო მოხელეთა უსაფუძვლო ბულინგს და დისკრედიტაციას, რომელსაც საჯარო მოხელეები ვერ პასუხობენ და საბოლოო წარმატებამდე მიიყვანოს ერთი სასამართლო დავა, რომელზეც ცალკე და დეტალურად სხვა დროს ისაუბრებს.
“არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებაში არ ვგეგმავ, არ ვაპირებ და არც არასდროს განვიხილავ იმ ძალებთან არათუ თანამშრომლობას, არამედ რამე ფორმით თანაკვეთას, ვინც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ წარმატებით გააპანღურა და შემდეგ, სამწუხაროდ, გარკვეულ უბნებზე მაინც შემოჟონეს”, – აცხადებს მურღულია.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 18 სექტემბერს თბილისში გაიმართა და მას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესქრებოდნენ.
“საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად ფუძნდება. საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად 2020 წლის სექტემბერში იქნება მზად”, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
- საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი 2016 წლის სექტემბერშიც წარადგინა.
- 2017 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაფუძნდებოდა.
- ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობა მართვის ორგანოების არჩევამდე თეიმურაზ მურღულიას დაეკისრა.
ამ თემაზე:
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაფუძნდება