როგორი იქნება ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი

გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი წარადგინა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით,  საუნივერსიტეტო ქალაქი კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი იქნება.

“ქუთაისისთვის ისტორიული საგანმანათლებლო კერის დაბრუნების იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, ეს იდეა მან საზოგადოებას ჯერ კიდევ 2011 წელს გაუზიარა, როდესაც მან თავისი პირველი წერილი გამოაქვეყნა, თუმცა თავად იდეა ბევრად ადრე გაჩნდა. როგორც ხედავთ, ეს ულამაზესი ადგილი, აქ არის მთაც, ტყეც, ტბაც, მდინარეც და ამავე დროს ძალიან მოხერხებულია უნივერსიტეტისთვის, შენობის საერთო ფართი 1 000 000 კვ. მ. იქნება. აქ საგანმანათელბლო და სამეცნიერო სივრცეები იქნება, აუდიტორიები, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, ბიბლიოთეკები, საერთო საცხოვრებლები პროფესორ-მასწავლებლებისვის და სტუდენტებისთვის. აქ იქნება კინოთეატრები, დასასვენებელი კლუბები, კაფეები, სპორტული ინფრასტრუქტურა, ფეხბურთისა და რაგბის მოედნები, ჩოგბურთის კორტები, მინიფეხბურთის მოედნები, კალათბურთის დარბაზი, საცურაო აუზი და შეიქმნება ყველა ის კომფორტი, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებშია, და ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ ეს ულამაზესი ბუნება აუცილებლად იქნება შენარჩუნებული”, – განაცხადა პრემიერმა საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე.

კვირიკაშვილის  განცხადებით, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ“.  პრეზენტაციას ესწრებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი და “ქართუს” მფლობელი ბიძინა ივანიშვლი, რომელსაც კვირიკაშვილმა მადლობა არაერთხელ გადაუხადა. 

“60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც 140 ჰექტარზე გაშენდება, უზრუნველყოფს ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც ესაჭიროება საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2019 წლისთვისაა დაგეგმილი. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ  თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და  ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი სახელმწიფოს საკუთრება იქნება. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საუნივერსიტეტო ქალაქის მთავარი პრიორიტეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება იქნება. 

ტერიტორია, სადაც საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო, თბილისი-ქუთაისის ძველ და ახალ მაგისტრალებს შორის, ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com