ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს 2020 წლიდან მიიღებს

18 სექტემბერი, 2019 • 1474
ივანიშვილის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს 2020 წლიდან მიიღებს

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც “ქართუს“ მიერ დაფინანსდება, პირველ სტუდენტებს 2020 წელს მიიღებს.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის პროექტი მოიცავს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის საერთაშორისო კვლევით ტექნოლოგიურ ცენტრს და ჯანდაცვის საერთაშორისო ცენტრს, რომელთაც დღეს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია და ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია.

მისივე თქმით, უნივერსიტეტი დაკომპლექტდება უცხოელი და ქართველი პერსონალით, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები მთლიანად განისაზღვრება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად.

“აღვნიშნავ იმასაც, რომ ფონდი “ქართუ” დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება,“ – წერს ივანიშვილი თავის განცხადებაში.

  • საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი 2016 წლის სექტემბერში წარადგინა.
  • 2017 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაფუძნდებოდა.

არქივიდან:

როგორი იქნება ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაფუძნდება

მასალების გადაბეჭდვის წესი