საქართველოს მთავრობამ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებელ კომპანიას წითელ ნუსხაში შეტანილი ათეულობით ძირი ხის მოჭრის ნებართვა მისცა. შესაბამისი ბრძანება 2019 წლის 17 მაისით თარიღდება და მას ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს.
დოკუმენტის თანახმად, სამუშაოების განხორციელების მიზნით, ასოციაციას უფლება ეძლევა, “გარემოდან ამოიღოს” 60 ძირი იმერული მუხა და 49 ძირი ძელქვა.
დოკუმენტი სამუშაოების მწარმოებელს ავალდებულებს, მოჭრილი ძირები ტყის სააგენტოს მითითებულ ტერიტორიაზე დაასაწყობონ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს კი პროცესის კონტროლს ავალებს.
მთავრობის ვებგვერდზე ასევე მოიძებნება 2018 და 2019 წლების ბრძანებები, რომლითაც ის ასოციაცია “ატუ”-ს 3-3 თვის ვადით ათავისუფლებს სასარგებლო წიაღისებულის მოპოვების ლიცენზიისგან.
ხეების მოჭრის ნებართვასთან დაკავშირებით საუნივერსიტეტო კომპლექსის ფეისბუქ-გვერდზე განცხადება გავრცელდა. ტექსტში წერია, რომ პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, “აუცილებლობის” წინაშე დადგნენ, “მეტწილად გამხმარი” ხეები გარემოდან ამოიღონ. კომპლექსის ადმინისტრაციის თქმით, ტერიორიაზე ათასობით ახალ ხეს დარგავენ.
” ბუნებრივია, რომ ასეთი მასშტაბური ტიპის პროექტების განხორციელება გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს – მათ შორის, ხეების გარემოდან ამოღების ნებართვის გაცემა, ნებისმიერ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ძირითადი ნაწილი ტყის ზონისგან დაშორებით მიმდინარეობს, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენც დავდექით გარკვეული რაოდენობის, მეტწილად გამხმარი ხეების ამოღების აუცილებლობის წინაშე;
ამასთან, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ გარდა კანონით გათვალისწინებული საკმაოდ მკაცრი საკომპენსაციო ღონისძიებებისა, პროექტის პირველივე დღიდან, თავად ინვესტორის ინიციატივა იყო ეკოსისტემის რეაბილიტაცია და ინტენსიური გამწვანება, რადგან სადერივაციო არხის გაჟონვა წლების მანძილზე იწვევდა ტყის მასიურ ხმობას. შესაბამისად, ამ საკითხზე ყალბი აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია – ამ ტერიტორიაზე ათასობით ახალი ხე დაირგვება!” – ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი 2016 წლის სექტემბერში წარადგინა. პრემიერის პრესსამსახური იუწყებოდა, რომ საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე აშენდება და 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. პროექტის მშენებლობას ფონდი “ქართუ” სრულად აფინანსებს.
თავდაპირველად დაანონსებული იყო, რომ უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2019 წლის სექტემბერში მიიღებდა, თუმცა მშენებლობის დასრულების დაგვიანების გამო, ვადამ 2020 წლამდე გადაიწია.