ახალი ამბები

საარჩევნო ბიუჯეტი – რატომ იზრდება ხელფასები ივლისიდან და არა წლის დასაწყისში?

1 ოქტომბერი, 2019 • 3905
საარჩევნო ბიუჯეტი – რატომ იზრდება ხელფასები ივლისიდან და არა წლის დასაწყისში?

მასწავლებლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და სოფლის ექიმები საჯარო სექტორში დასაქმებულთა ის კატეგორიაა, რომელთა ხელფასები 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება, თუმცა არა წლის დასაწყისიდან, არამედ ივლისიდან (სოფლის ექიმების შემთხვევაში), ან ახალი სასწავლო წლიდან (სექტემბრიდან მასწავლებლების შემთხვევაში).

საქართველოს მთავრობამ, ასევე, ივლისიდან დაანონსა ხელფასების მომატება სამართალდამცველებისა და ჯარისკაცებისთვის. რაც შეეხება პენსიებს, 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე, 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა წლის დასაწყისიდან, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერები დამატებით 30 ლარს მიიღებენ ივლისიდან.

რატომ ზრდის მთავრობა ხელფასებს და ნაწილობრივ პენსიებს 2020 წლის ზაფხულში ან სექტემბერში და არა წლის დასაწყისიდანვე და უკავშირდება თუ არა მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს?

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ რეალურად საქმე გვაქვს საარჩევნო პროპაგანდუსტულ ბიუჯეტთან სერიოზული მაკროეკენომიკური რისკებით.

“ბიუჯეტი 2020 წელს იზრდება 1.2 მილიარდით, მაშინ მიმდინარე წელს გაიზარდა  500 მილიონით, მანამდე – 800 მილიონით. ეს ფაქტობრივად არის საარჩევნო მოსყიდვის ბიუჯეტი. მაგრამ ადამიანებს რასაც თითქოს დამატებით აძლევენ, რეალურად, მათ ინფლაცია და ლარის გაუფასურება “შეუჭამს”. ბიუჯეტი დაუბალანსებელია. გათვლილია იმაზე, რომ პროპაგანდისტულად კარგად ჩანდეს, პენსია 50 ლარით იზრდებაო, მაგრამ ეს პენსია იზრდება გვიან. მატებები არის ხმამაღალი საარჩევნო დატვირთვის მატარებელი, თორემ პენსიონერებზე რომ ზრუნავდნენ, ახლავე გაზრდიდნენ პენსიას და არა ივლისიდან”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” რომან გოცირიძემ.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საარჩევნო წელს ხდება სხვადასხვა პროგრამის დაანონსება, მათ შორის, პენსიების ზრდა და მსგავსი ინიციატივები.

“ფორმალურად, კანონის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ცვლილებების დაანონსება ხდება პრაქტიკულად ერთი წლით ადრე არჩევნებამდე, სწორედ ბიუჯეტის შემუშავების პროცესში და იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად, პენსიები ოფიციალური საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე გაიცემა, რთულია ისაუბრო, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან გვაქვს საქმე. კანონდარღვევას ეს ინიციატივა არ წარმოადგენს. მაგრამ დროს, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა და ლეგიტიმურია კითხვა, რომ  სხვა ინტერესებთან ერთად, აქ შეიძლება არის გარკვეული საარჩევნო ინტერესი. თუ რაღაც პროექტები წინასწარგანსაზღვრული ან გრძლევადიანი სტრატეგიის ნაწილია, რთულია, კლასიფიცირდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. თუმცა, ცხადია, აქ ასევე არ არის რთული იმის დანახვა, რომ ამის უკან შეიძლება, არგუმენტებთან ერთად, იდგეს საარჩევნო ინტერესი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ბენიძემ.

მისი თქმით, კანონის ფორმალურ აკრძალვებს, რომელიც, როგორც წესი, არჩევნებამდე 2 თვით ადრე მოქმედებს, განსაკუთრებით ეფექტურად არიდებენ თავს ადგილობრივი თვითმმართველობები.

“ხშირ შემთხვევაში მუნიციპალიტეტები ბიუჯეტში ცვლილებებს ახორციელებენ არჩევნებმადე რამდენიმე თვით ადრე, ხოლო ხარჯვა ემთხვევა საარჩევნო პერიოდს. ფორმალურად ეს არ წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, თუმცა ის, რომ რამდენიმე თვით ადრე ხდება პროექტის დაგეგმვა, რომელიც სავარაუდოდ, გათვლილია ამომრჩველის კეთილგანწყობის გაზრდაზე, ცხადია, მაინც ტოვებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შთაბეჭდილებას”, – განაცხადა ბენიძემ.

მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტის შემთხვევაში ფორმალურად კიდევ უფრო გამართული სიტუაციაა, თუმცა თავისი შინაარსით შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ არის საარჩევნოდ მოტივირებული და მათ შორის, ამომრჩველის კეთილგანწყობის გაზრდის მიზნით დაპროექტებული.

“2020-ის ბიუჯეტი, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ არის საარჩევნო წლის ბიუჯეტი, მაგრამ ამომრჩევლის მოსყიდვა ვერანაირად ვერ იქნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, პენსიისა თუ ხელფასების ზრდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა.

“მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მაშინ, როდესაც მას შეუძლია გააკეთოს შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება, ამ ადამიანებს დაუდგეს გვერდით და ვუსურვებ ყველა შემდგომ მთავრობას, განურჩევლად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იქნებიან, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგან”, – განაცხადა გახარიამ.

ამ თემაზე:

მასწავლებლების, სამართალდამცველების, ჯარისკაცებისა და სოფლის ექიმების ხელფასები იზრდება

2020 წლის ბიუჯეტით, პენსია – 20 ლარით, გარკვეული კატეგორიისთვის კი 50 ლარით იზრდება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი