ახალი ამბები

2020 წლის ბიუჯეტით, პენსია – 20 ლარით, გარკვეული კატეგორიისთვის კი 50 ლარით იზრდება

30 სექტემბერი, 2019 •
2020 წლის ბიუჯეტით, პენსია – 20 ლარით, გარკვეული კატეგორიისთვის კი 50 ლარით იზრდება

მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც დღეს, 30 სექტემბერს იმართება, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებენ. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი.

“2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე, 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა. პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის მოხდება დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის პენსიონერებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით”, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალსიწინებს საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური ჯგუფების ინტერესებს – ესენი არიან ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, სამართალდამცველები და ჯარისკაცები.

“ეს არის მოქალაქისადმი სოციალური პასუხისმგებლობის ბიუჯეტი. პრიორიტეტად რჩება ეკონიმიკური განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. მესამე პრინციპი გახლავთ ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა. აქ ვერ იქნება ვერანაირი კომპრომისი. ამიტომ, კოლეგებო, ყველა ის ძირითადი ვალდებულება, რომელიც თქვენს სამინისტროებს გააჩნიათ ამ ბიუჯეტით, უნდა იყოს შესრულებული დროულად და ეფექტიანად”, – განაცხადა პრემიერმა.

“კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპია ბიუროკრატიული ხარჯების მინიმუმ არგაზრდა და სადაც შესაძლებელია, მათი ეფექტიანი მართვით შემცირება”, – დასძინა პრემიერმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი