ახალი ამბები

ბახტაძის შექმნილ “ახალგაზრდობის სააგენტოს” 2020 წელს 5 მილიონით დააფინანსებენ

1 ოქტომბერი, 2019 •
ბახტაძის შექმნილ “ახალგაზრდობის სააგენტოს” 2020 წელს 5 მილიონით დააფინანსებენ

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე, 2019 წლის 26 აგვისტოს, ხელი მოაწერა “ახალგაზრდობის სააგენტოს” შექმნის დადგენილებას, რომლის დასაფინანსებლადაც 2020 წლისთვის 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

როგორც 2020 წლის ბიუჯეტშის პროექტშია აღნიშნული, ამ სააგენტოში 48 ადამიანი იქნება დასაქმებული, შრომის ანაზღაურებაზე კი 1 150 000 ლარი დაიხარჯება.

საქართველოს მთავრობის მიხედვით, “ახალგაზრდობის სააგენტო” პირდაპირ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და მისი მიზანია ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და წახალისება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობით ახალგაზრდებში სხვადასხვა უნარებისა და კომპეტენციების განვითარება, თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტურად ხარჯვის ორგანიზება, საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა, ფორმირება და სრულყოფა.

ახლად შექმნილ საბიუჯეტო ორგანიზაციას მიზნებში ასევე უწერია, რომ ის იზრუნებს ბავშვთა და ახალგაზრდობის გონებრივ, ფიზიკურ, ზნეობრივ, ესთეტიკურ და სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფაზე, ბანაკების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი