ახალი ამბები

მთავრობის პროგნოზით, ეკონომიკა – 4%-ით, ბიუჯეტის შემოსავალი 1.8 მლრდ ლარით შემცირდება

9 ივნისი, 2020 • 1072
მთავრობის პროგნოზით, ეკონომიკა – 4%-ით, ბიუჯეტის შემოსავალი 1.8 მლრდ ლარით შემცირდება

საქართველოს მთავრობამ დღეს, 9 ივნისს, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაცია გამართა.

COVID-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული საჭიროებების საპასუხოდ 2020 წლის ბიუჯეტში მომზადებული ცვლილებები პარლამენტში დღეს, 9 ივნისს შედის. პროექტში ასახულია როგორც განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ასევე ის ხარჯები, რომლებიც აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შემდგომი დაფინანსებისთვის.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია ბიუჯეტის ახალი პარამეტრები, რომლის მიხედვითაც პროგნოზირებულია:

  • -4%-იანი ეკონომიკური ზრდა;
  • ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირდება 1.8 მილიარდი ლარით;
  • ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების შემცირება 600 მილიონი ლარით;
  • საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა 2,5%-დან 8.5%-მდე;
  • ექსპორტის შემცირება -6%-ზე მეტი;
  • მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუარესება მშპ-ის 10.3%-მდე.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2020 წლის ბიუჯეტში საჭირო დამატებითი რესურსი (შემოსულობებში მოსალოდნელი 1.8 მლრდ ლარის დანაკლისის გარეშე) შეადგენს 3,4 მლრდ ლარს და მოიცავს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ყველა ღონისძიებისთვის საჭირო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც საჭიროა გამოიყოს მიმდინარე ფისკალური წლის განმავლობაში, მათ შორის:

  • დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც დაკარგეს ხელფასი, 6 თვის განმავლობაში 200- ლარიანი დახმარების გასაწევად გათვალისწინებულია – 450 მლნ ლარი;
  • სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დაწესებული საშემოსავლო გადასახადის შემცირება – 250,0 მლნ ლარი;
  • თვითდასაქმებულთა ერთჯერადი 300- ლარიანი დახმარებებისთვის – 75 მლნ ლარი;
  • მოსახლეობის კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის – 170 მლნ ლარი;
  • 65-დან 100 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების დახმარება (ოჯახის წევრების რაოდენობის შესაბამისად) 6 თვის განმავლობაში – 48 მლნ ლარი;
  • 100 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების 100- ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში – 13 მლნ ლარამდე;
  • მკვეთრად გამოხატული შშმ პირების და შშმ ბავშვების 100- ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში – 24 მლნ ლარი;
  • StopCoV ფონდის ანგარიშზე მობილიზებული თანხა – 133.5 მლნ ლარი
  • საკარანტინო სივრცეებით მომსახურების ანაზღაურებისა და ფრენების სუბსიდირებისთვის – 45 მლნ ლარი;
  • ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ხარჯებისთვის – 285 მლნ ლარი;
  • ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მზადყოფნის გაუმჯობესებისთვის -60 მლნ ლარი;
  • საკრედიტო-საგარანტიო სქემის დასაფინანსებლად – 330 მლნ ლარი;
  • სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირებისთვის – 70 მლნ ლარი;
  • ტურისტული ობიექტების ქონების გადასახადისგან გათავისუფლება – 45 მლნ ლარი
  • მცირე გრანტების გასაცემად – 20 მლნ ლარი;
  • სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა (მათ შორის დევნილთა სახლების გაზრდილი შესყიდვები) – 40 მლნ ლარი;
  • სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა – 139 მლნ ლარი;
  • დღგ-ს დამატებით დაბრუნებისთვის – 600 მლნ ლარი
  • კომერციული ბანკებისთვის ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობის შესაქმნელად – 600 მლნ ლარი.

ყველაზე მეტად, 251 მილიონით, ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი მცირდება – ნახეთ სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი