უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას არ მიაჩნია, რომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე ზედმეტად მკაცრი განაჩენი გამოიტანა.
გვანცა ყუფარაძის საქმეზე კითხვები ალანიას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დაუსვა. ალანიას თქმით, არავის აქვს უფლება მოსამართლეს ანგარიში მოსთხოვოს კონკრეტულ საქმეთან დაკავშირებით, თუმცა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მზადაა განმარტება გააკეთოს.
“მოცემულ საქმეზე არსებული მტკიცებულებებით არათუ თამარ ალანია, ნებისმიერი მოსამართლე, რომლის წინაშეც წარდგებოდა ეს საქმე, მისი დაზარალებულის ჩვენებებით, რომელიც იყო უტყუარი, თანმიმდევრული ყველა ეტაპზე, არაერთი მოწმის, ასევე, ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დასტურდებოდა ამ პირის ბრალეულობა… ამ საქმემ გაგრძელება სტრასბრგის სასამართლოში ჰპოვა. თუ ავიღებთ სტრასბურგის სასამართლოს, როგორც ყველაზე მაღალ სტანდარტს, დაიდო სტანდარტი, რომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება არ ყოფილა დარღვეული და არც სხვა უფლებები”, – განაცხადა ალანიამ.
მისი თქმით, საქმეს არასრულწლოვანი დაზარალებულიც ჰყავს, რომლის მიერ გადატანილი ტრავმა ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
ალანიას თქმით, არასრულწლოვანთა კოდექსის მიღების და კანონმდებლობის დახვეწის მიუხედავად, აღნიშნულ ბრალდებაზე სასჯელის ოდენობა არ შეცვლილა.
“კარგია, რომ დღეს გვაქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. მაშინდელი კანონდმებლობა ასეთ მოცემულობას გვიყენებდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ქმედება გახლდათ მკვლელობის მცდლეობა განსაკუთრებული სისასტიკით არასრულწოვნის მიმართ. სასჯელი დღესაც მსგავსია ასეთი ტიპის დანაშაულისთვის. თუმცა შეიცვალა მიდგომები – ფსიქოლოგის ჩართულობა და ა.შ. მაგრამ დღეს ანალოგიური სანქცია მოქმედებს”, – განაცხადა ალანიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2007 წელს 14 წლის გვანცა ყუფარაძეს კლასელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ, სადაც ყუფარაძის საქმეს თამარ ალანია განიხილავდა, გვანცა ყუფარაძის განაჩენი ძალაში დატოვა.