ახალი ამბები

აშშ-ის გემის შემთხვევა ადასტურებს ანაკლიის პორტის საჭიროებას – ბატიაშვილი

18 სექტემბერი, 2019 •
აშშ-ის გემის შემთხვევა ადასტურებს ანაკლიის პორტის საჭიროებას – ბატიაშვილი

რონდელის ფონდის მკვლევრის, ზურაბ ბატიაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ფოთის პორტმა ამერიკული სამხედრო გემი ვერ მიიღო, კიდევ ერთხელ ადასტურებს ანაკლიის პორტის საჭიროებას.

“თუ ამერიკული გემის მიღება ფოთის პორტში ვერ მოხერხდა ტექნიკური საკითხის გამო, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად საჭირო და აუცილებელია, რომ არსებობდეს ალტერნატივა ანაკლიის პორტის სახით, რასაც მხარს უჭერს აშშ და წინააღმდეეგობას უწევს რუსეთი. დღეს არის რეალობა, როცა ტექნიკურად შეუძლებელია ბათუმისა და ფოთის პორტებში შემოვიდეს 70% გემებისა, რომელიც შავ ზღვაში შედის. ეს ხელს გვიშლის გარესამყაროსთან, განსაკუთრებით ევროკავშრითან ურთიერთობაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შავი ზღვის მეორე მხარეს არიან ევროკავშირის და ამავე დროს ნატო-ს წევრი ქვეყნები: ბულგარეთი და რუმინეთი, ასევე, მხოლოდ ნატო-ს წევრი თურქეთი. ჩვენ არ ვიცით, მომავალში რა სახის გეგმები შეიძლება იყოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. ყველა შემთხვევაში, ნატო-ში წევრობის დროს დაგვჭირდება რაც შეიძლება მეტი თანამედროვე და ტექნიკურად გამართული პორტი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ბატიაშვილმა.

მისი თქმით, როცა საქმე ეხება ქვეყნის მთავარი სამხედრო პარტნიორის სამხედრო (და არა ჰუმანიტარულ) გემს, შეუძლებელია მის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები წყდებოდეს პორტის ადმინისტრაციის და არა ხელისუფლების მაღალ დონეზე.

“ძველი სტრუქტურით, თავდაცვის სამინისტროს და შემდეგში უსაფრთხოების საბჭოს გავლით ხდებოდა ასეთი საკითხების გადაწყვეტა და საგარეო საქმეთა სამინისტროც საქმის კურსში იყო. ახლა უსაფრთხოების საბჭო აღარ არსებობს, მაგრამ თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები ადგილზეა. ძნელად წარმოსადგენია, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებების ცოდნის გარეშე ხდებოდეს მსგავსი საკითხები და მხოლოდ ფოთის პორტის ადმინისტრაციის რომელიღაც კონკრეტული მოხელის გადასაწყვეტი იყოს, ამერიკული სამხედრო გემი შემოვა ფოთის პორტში თუ ვერა. რა თქმა უნდა, საკითხის გადაწყვეტაში საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩარეულიყო”, – აღნიშნა ბატიაშვილმა.

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი “USNS Yuma T-EPF-8” 14 სექტემბერს ფოთის პორტში ვერ შევიდა, ვინაიდან აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ნავმისადგომი კომერციულ გემს ჰქონდა დაკავებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს საზღვრის დაცვის სამსახურში ამ საკითხს ფოთის პორტის კომპეტენციად განიხილავენ და კომენტარისგან თავს იკავებენ. განმარტებას არც ფოთის პორტში აკეთებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ აშშ-ის საელჩოს ინფორმაციას ეთანხმებიან.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის ინფორმაციით, ამერიკულმა ხომალდმა ფოთის პორტში შესვლა ვერ მოახერხა, რადგან ის კომერციულ გემს ჰქონდა დაკავებული.

“გემის არშეშვება არ ყოფილა. ამერიკული გემი ფოთის ნავსადგურში მარაგის შესავსებად შემოდიოდა, თუმცა ნავსადგური დაკავებული იყო კომერციული გემის მიერ. იმის გამო, რომ კომერციულ მიზნებს ხელი არ შეშლოდა, ამერიკულმა ხომალდმა ფოთის პორტი დატოვა და თავისი გრაფიკით გააგრძელა გზა”, – ნათქვამია ელიზაბეტ რუდის კომენტარში, რომელიც “ნეტგაზეთს” საქართველოში აშშ-ის საელჩომ მოაწოდა.

ამ თემაზე:

რატომ ვერ მიიღო ფოთის პორტმა ამერიკული სამხედრო გემი

რატომ ვერ მიიღო ფოთის პორტმა ამერიკული სამხედრო გემი

მასალების გადაბეჭდვის წესი