ახალი ამბები

რუდი ადასტურებს, რომ აშშ-ის სამხედრო გემმა ფოთის პორტში შემოსვლა ვერ შეძლო და გაბრუნდა

17 სექტემბერი, 2019 •
რუდი ადასტურებს, რომ აშშ-ის სამხედრო გემმა ფოთის პორტში შემოსვლა ვერ შეძლო და გაბრუნდა

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ადასტურებს, რომ ამერიკის საზღვაო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდი ფოთის პორტში ვერ შემოვიდა და მას უკან მოუწია გაბრუნება.

“ასე არ არის, რომ გემი არ შემოუშვეს პორტში. ამერიკულ გემ Yuma-ს მარაგის შესავსებად დაგეგმილი ჰქონდა სტანდარტული გაჩერება პორტში. თუმცა, გემის მისვლის დროისთვის იმავე ნავმისადგომში კომერციული გემი იყო გაჩერებული. ხელი რომ არ შეეშალა აღნიშნული გემის კომერციული საქმიანობისთვის და საკუთარ გრაფიკს გაჰყოლოდა, ამერიკულმა ხომალდმა გზა განაგრძო”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა 17 სექტემბერს. მისი კომენტარი ნეტგაზეთს აშშ-ის საელჩომ მიაწოდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკული სამხედრო ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არ შეუშვეს, 16 სექტემბერს რუსულმა მედიამ გაავრცელა.

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო ხომალდი “USNS Yuma T-EPF-8” შავ ზღვაში რამდენიმე დღის წინ შემოვიდა და მას რუსული გემები აედევნენ.

“რუსეთის შავი ზღვის ფლოტი  ამერიკული გემის გადაადგილების უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს”, – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ეროვნული ცენტრის განცხადებაში, რომლის ინფორმაციით, სამხედრო ხომალდი შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში 14 სექტემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 17:30 საათზე შემოვიდა.

“ნეტგაზეთი” დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას დაუკავშირდა, საიდანაც ფოთის პორტში გადაგვამისამართეს. ფოთის პორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნულის თაობაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ამ თემაზე:

რატომ ვერ მიიღო ფოთის პორტმა ამერიკული სამხედრო გემი

მასალების გადაბეჭდვის წესი