რატომ ვერ მიიღო ფოთის პორტმა ამერიკული სამხედრო გემი

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო ხომალდი “USNS Yuma T-EPF-8” შავ ზღვაში მიმდინარე წლის სექტემბერში შემოვიდა. ის ფოთის პორტს უნდა მიეღო, თუმცა ასე არ მოხდა და ხომალდი უკან გაბრუნდა. აღნიშნულს კი რუსულ მედიაში სხვადასხვა სახის სპეკულაციური შინაარსის ინფორმაციის გავრცელება მოჰყვა.

სწრაფმავალი სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Bosphorus Observer-მა გაავრცელა, რომელიც ბოსფორის სრუტეში გემების გადაადგილებას ადევნებს თვალს. შავი ზღვის აკვატორიაში შემოსულ ამერიკულ გემს კი რუსეთის გემები აედევნენ.

“რუსეთის შავი ზღვის ფლოტი  ამერიკული გემის გადაადგილების უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს”, – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ეროვნული ცენტრის განცხადებაში, რომლის ინფორმაციით, სამხედრო ხომალდი შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში 14 სექტემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 17:30 საათზე შემოვიდა.

როგორც “ბიბისის” რუსული სამსახური წერს, USNS Yuma განეკუთვნება Spearhead-ის ტიპის ხომალდს, რომელიც სამხედრო ძალის, ტვირთების, სამხედრო ტექნიკის გადატანისთვის გამოიყენება და ასევე, მონაწილეობს ჰუმანიტარულ სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნული სამხედრო ხომალდი შავი ზღვის აკვატორიაში მესამედ შემოდის, რისი მიზეზი, “ბიბისის” ცნობით, უცნობია.

avia.pro-ს ინფორმაციით, 16 სექტემბერს გემი ფოთის პორტის მიმართულებით გაემართა, თუმცა უცნობი მიზეზების გამო საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შესვლაზე უარი ეთქვა.

ნეტგაზეთმა ამერიკული ხომალდის გადაადგილების მარშრუტი გადაამოწმა საზღვაო ხომალდების გადაადგილების მაკონტროლებელ ვებსაიტებზე, მათ შორის, Marine Traffic-სა და Vessel Finder-ზე. აღნიშნულ ვებსაიტზე აღირიცხება თითქმის ყველა საზღვაო სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების მარშრუტი, ბოლო პორტები, რომლებსაც ესტუმრა და ასევე, დაგეგმილი მარშრუტი.

Marine Traffic-ის მონაცემებით, ამერიკული ხომალდი საქართველოს მიმართულებით იტალიის ერთ-ერთი პორტიდან დაიძრა. ის ბოლოს 16 სექტემბერს ფიქსირდება შავ ზღვაში, ფოთთან ახლოს. ამის შემდეგ ხომალდის გადაადგილების მარშრუტი ხელმისაწვდომი არ არის.

ამერიკული გემი ფოთთან, შავ ზღვაში.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას დაუკავშირდა, საიდანაც ფოთის პორტში გადაგვამისამართეს. ფოთის პორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნულის თაობაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ინფორმაციისთვის დავუკავშირდით აშშ-ის საელჩოს საქართველოში.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის ინფორმაციით, ამერიკულმა ხომალდმა ფოთის პორტში შესვლა ვერ მოახერხა, რადგან ის კომერციულ გემს ჰქონდა დაკავებული.

“გემის არშეშვება არ ყოფილა. ამერიკული გემი ფოთის ნავსადგურში მარაგის შესავსებად შემოდიოდა, თუმცა ნავსადგური დაკავებული იყო კომერციული გემის მიერ. იმის გამო, რომ კომერციულ მიზნებს ხელი არ შეშლოდა, ამერიკულმა ხომალდმა ფოთის პორტი დატოვა და თავისი გრაფიკით გააგრძელა გზა”, – ნათქვამია ელიზაბეტ რუდის კომენტარში, რომელიც “ნეტგაზეთს” საქართველოში აშშ-ის საელჩომ მოაწოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.