ახალი ამბები

₾1180: საქსტატი ამბობს, რომ საშუალო ხელფასი ₾76-ით გაიზარდა, დათვლის ხერხი უცვლელია

16 სექტემბერი, 2019 • 2576
₾1180: საქსტატი ამბობს, რომ საშუალო ხელფასი ₾76-ით გაიზარდა, დათვლის ხერხი უცვლელია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2019 წლის II კვარტლის საშუალო ხელფასად 1180 ლარს ასახელებს. საშუალო ხელფასის დათვლის ხერხი იგივეა — და სადავო.

რიცხვი, რასაც საქსტატი დაქირავებით დასაქმებულების საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასად ასახელებს, არის ფორმალურ სექტორში სხვადასხვა საწარმოს საერთო სახელფასო ფონდის შეფარდება დასაქმებულთა რაოდენობასთან.

ეს მაჩვენებელი, რომელიც მხოლოდ ფორმალურ სექტორს მოიცავს და საშუალო არითმეტიკული მეთოდითაა გამოანგარიშებული, ვერ აღწერს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულებს შორის სახელფასო სხვაობას.

საქსტატის ბოლო რიცხვები

16 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქსტატი წერს, რომ 2019 წლის II კვარტალში — ანუ აპრილში, მაისსა და ივნისში — საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა.

ამავე ანგარიშის თანახმად, სხვაობა ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის — ანუ ხელფასებს შორის გენდერული ნაპრალი — 506.3 ლარია. კერძოდ, II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 913.5 ლარი იყო, ხოლო კაცებისა — 1 419.8 ლარი.

ხელფასებს შორის გენდერული ნაპრალი კვარტლების მიხედვით 2014 წლიდან. წყარო: საქსტატი

ამასთან, საქსტატი წერს, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქმიანობის ის სფერო, სადაც საქსტატმა ყველაზე მაღალი ხელფასები დააფიქსირა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებია. ამ სფეროში საშუალო ხელფასად 2 394 ლარია დასახელებული;

მეორე ადგილზეა პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, საშუალოდ 1 900 ლარით. მესამე ადგილზე კი- ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფერო, 1 806 ლარით.

ყველაზე დაბალანაზღაურები, საქსტატის თანახმადვე, განათლების სექტორია.

საშუალო არითმეტიკული vs მედიანური მეთოდი

ამჟამად საქართველოში ხელფასებს საშუალო არითმეტიკული მეთოდით ითვლიან, როდესაც არსებობს უფრო მოსახერხებელი მეთოდი — მედიანური მაჩვენებლით დათვლა. საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას. მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია.

რამდენიმე თვის წინ, როდესაც „ნეტგაზეთი“ ამ თემაზე მუშაობდა, საქსტატი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ხელფასის მედიანურად დათვლა სურათის უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც ხელფასის სიდიდეებს შორის განსხვავება არსებითია. თუმცა, მათ თანახმად, აქ ძირითადი სირთულეები რესპონდენტებისგან — კვლევის მონაწილე საწარმოებისგან და ორგანიზაციებისგან — დეტალიზებული მონაცემების მიღებას უკავშირდება.

საქსტატი ხელფასების შესახებ მონაცემებს იღებს არა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან, არამედ დამოუკიდებელი კვლევიდან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში არსებული 15 000-მდე საწარმოსგან და ორგანიზაციისგან იღებენ ხელფასების შესახებ მონაცემებს. თუმცა ეს მონაცემები მოიცავს არა ინდივიდუალურ მონაცემებს, რაც მედიანური ხელფასის გამოსათვლელადაა საჭირო, არამედ დაქირავებულთა რიცხოვნობას და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდს.

მაგალითად, თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, საშუალო ხელფასი 1625 ლარი გამოდის, მედიანური კი — 500.

საშუალო არითმეტიკულით გამოთვლისას, მაღალი ხელფასების მაჩვენებლები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ნაკლებ ადამიანს ჰქონდეს, ძლიერად იმოქმედებს საბოლოო რიცხვზე და გაზრდის მას. ეს სხვაობა მედიანურად დათვლისას უკეთ გამოჩნდება.

ამასთან, დასახელებული ხელფასები ეფუძნება საქსტატისეულ კვლევას. კვლევის შერჩევისა და მეთოდოლოგიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გირჩევთ, წაიკითხოთ „ნეტგაზეთის“ 2018-19 წლების არქივიდან:

რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი

როგორ ითვლიან საშუალო ხელფასს საქართველოში – მხარეთა დამატებითი არგუმენტები

მასალების გადაბეჭდვის წესი